ლეგალურად დასაქმება ევროპაში

მახარობლიშვილი: ლეგალურად დასაქმების საკითხზე გერმანიასა და ბელგიასთანაც ვმუშაობთ

ვახტანგ მახარობლიშვილი
პირველი არხი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი ამბობს, რომ ლეგალურად დასაქმების ხელშეკრულების გასაფორმებლად მზაობა ბულგარეთსა და გერმანიასაც აქვს. 

"ევროკავშირის და ევროპის მეტნაკლებად ყველა სახელმწიფოსთან გვაქვს ამგვარი შეთავაზება და კონსულტაციები. ბულგარეთთან პოლიტიკური კონსულტაციები გვქონდა, რომლის ფარგლებშიც ბულგარეთმა დაადასტურა მზაობა, რომ მსგავს შეთანხმებაზე მუშაობა უკვე დავიწყოთ. გერმანიისგანაც მზაობაა. მერკელის ვიზიტის დროსაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გერმანიასთანაც მსგავსი ხელშეკრულების დაწყების კონტექსტშიც აქტიურ ფაზაში შევალთ", - თქვა მახარობლიშვილმა.

საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად მუშაობის უფლება საფრანგეთმა მისცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ "საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ" ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტს საფრანგეთის პრეზიდენტმა, იმანუელ მაკრონმა ხელი უკვე მოაწერა

სამინისტროს განცხადებით, ეს შეთანხმება საფრანგეთში დასაქმების მიზნით საქართველოს მოქალაქეებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას ითვალისწინებს, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტებსა და საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის (მათ შორის, ფილიალის) კურსდამთავრებულ სტუდენტებზე, რომლებსაც საფრანგეთში პროფესიული გამოცდილების მიღება სურთ, თუმცა საქართველოში დაბრუნების პერსპექტივით. 

შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების საფრანგეთში დასაქმებას, ისე, პირიქით, საფრანგეთის მოქალაქეების საქართველოში დასაქმებას. 

საგარეო უწყების ცნობით, ხელშეკრულებით რეგულირებულია ისეთი საკითხები, როგორიც არის ბინადრობის მოწმობის ვადები და სამუშაო ადგილის კვოტები. შეთანხმების მიხედვით, წელიწადში ახალგაზრდა სპეციალისტებზე 150 კვოტაა გამოყოფილი, ხოლო ყველა სხვა კატეგორიაზე ჯამში 500 კვოტა. 

ვახტანგ მახარობლიშვილი ამბობს, რომ ახლა უკვე მნიშვნელოვანია ის შემდგომი ტექნიკური სამუშაოები, რომელიც საფრანგეთსა და საქართველოს შორის უნდა გაიმართოს.

"ამ ხელშეკრულების გაფორმება არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქემ ქუდი დაიხუროს და სამუშაოს საძიებლად საფრანგეთში ხვალ გაემგზავროს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ის შემდგომი ტექნიკური სამუშაოები, რომელიც ორ ქვეყანას შორის უნდა გაიმართოს. ამ პროცესში საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაცია დაგვეხმარება. 

მას შემდეგ, რაც შერჩეული იქნება ეს პროფესიები, შემდეგ შესაბამისი წარმომადგენლები უნდა შეირჩეს როგორც საქართველოში, ისე საფრანგეთში, რომლებიც მუშაობისთვის საჭირო მოთხოვნებს და კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. პროფესიონალი მოქალაქეების გაცვლა მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება“,- თქვა მახარობლიშვილმა.

მისივე თქმით, ტექნიკური სამუშაოების ვადები ჯერ განსაზღვრული არ არის.

კომენტარები