2008 წლის ომზე საქართველოს წინააღმდეგ საჩივრები სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების საჩივრები, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.

უწყებაში ამბობენ, რომ საქმეებზე - "ჯიოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ", "კუდუხოვა საქართველოს წინააღმდეგ" და "ნანიევა და ბაგაევი საქართველოს წინააღმდეგ" განჩინება სტრასბურგის სასამართლომ დღეს გამოაქვეყნა.

საქმეები ეხება ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების საჩივრებს იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული მხარის მოქმედებებმა მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და მათი ქონება დაზიანდა ან განადგურდა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ისინი ჩიოდნენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლით (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლით (წამების აკრძალვა), დამატებითი ოქმის პირველი მუხლით (საკუთრების დაცვა), კონვენციის მე-13 მუხლით (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), მე-14 მუხლით (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-8 მუხლითა (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) პირველი პუნქტით (ეს უკანასკნელი მუხლი მითითებული იყო მხოლოდ კუდუხოვას საქმეში) უზრუნველყოფილი უფლებების დარღვევის შესახებ.

"ევროპულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული საჩივრები დაუშვებლად ცნო, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი. კერძოდ, მე-2 და მე-3 მუხლებთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ მომჩივანთა მდგომარეობა არ იყო იმდენად მძიმე, რომ გამოეწვია აღნიშნული მუხლების დარღვევა. საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანებმა ვერ მოახერხეს prima facie მტკიცებულებების წარდგენა მათი საკუთრების დაზიანების ან განადგურების თაობაზე. მე-8 მუხლთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ  ომის პერიოდში მომჩივანების მცირე ხნით სხვა ქვეყანაში (რუსეთში) გადაადგილება ვერ ჩაითვლებოდა მე-8 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევად", - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობითვე, მხოლოდ ერთი მომჩივნის, ჯიოევას საჩივრის ნაწილზე, არსებული საქმის მასალებით ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-13 და მე-14 მუხლებთან დაკავშირებით, ევროპულმა სასამართლომ ვერ შეძლო დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა. იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოს მთავრობას ეთხოვა მხოლოდ ამ მომჩივნის მოცემულ კონკრეტულ პრეტენზიებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის წარდგენა.

კომენტარები