პურის გაძვირება

ხორგუაშვილი პურის ფასზე: მთავრობა პრობლემის კვლავ სხვაზე გადაბრალებას ცდილობს

ზვიად ხორგუაშვილი
თეორემა/ტაბულა

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერმინისტრ ბახტაძის დღევანდელი განცხადება პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით, იმ ადამიანების დაცინვაა, რომლებიც ახალ ამბებსა და მიმდინარე მოვლენებს თვალ-ყურს ადევნებენ. 

მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომამდე ცოტა ხნით ადრე გამართულ ბრიფინგზე პურის ფასის 5-10 თეთრით გაზრდაზე ისაუბრა და "შესაბამის ორგანოებს" მოუწოდა, გამოიძიონ, "რა ხდება ჩვენს თავს". 

ხორგუაშვილი "ტაბულასთან" საუბრისას ამბობს, რომ ზედაპირზე დევს ის მიზეზები, რის გამოც პურზე ფასმა მოიმატა და თავიდან ბოლომდე მთავრობასა და მის მუშაობას უკავშირდება. ეკონომისტის შეფასებით, მთავრობა ცდილობს, სხვას გადააბრალოს მის მიერვე გამოწვეული პრობლემა. 

"როდესაც ბახტაძე ამბობს "გამოიძიეთ კონკრეტული საქმე", გაუგებარია, რას გულისხმობს. ერთი ვარიანტია, რომ მეთონეებმა შეკრეს პირი და გაზარდეს ფასი, რაც ათასობით ადამიანს უკავშირდება. მეორე ვარიანტია მონოპოლია, მაგრამ შეუძლებელია, საქართველოს ბაზარზე პური იყოს მონოპოლიური. და მესამე - კონკურენციის სააგენტო მთლიანად პოლიტიკური ორგანოა, რომელიც მთლიანად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს და ეს გამოიხატა მაშინაც, როდესაც ბენზინის გამყიდველ კომპანიებს მრავალმილიონიანი ჯარიმა აკიდეს, ვითომ მათ რაღაც ვირტუალური კარტელი ჰქონდათ შექმნილი,"- ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.

ეკონომისტის შეფასებით, ამ შემთხვევაში, მთავრობამ ვერ იპოვა კონკრეტული მტერი, რომელსაც ამ პრობლემას გადააბრალებს და აღნიშნული განცხადებით შექმნა იმიჯი, რომ ამ საკითხით დაინტერესებულები არიან. 

"რა თქმა უნდა, რამდენიც არ უნდა იძიოს და რამდენიც არ უნდა ქექოს ამ კონკრეტულმა ორგანომ, ვერაფერს ვერ იპოვის, რადგან მთავარი პრობლემა უნდა ვეძიოთ მთავრობის პოლიტიკაში და მეტი არსად,"- ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.

წაიკითხეთ ასევე

რატომ გაძვირდა პური? - ეკონომისტების მოსაზრება

კომენტარები