ზუგდიდის #6 საჯარო სკოლა

სამინისტრო სკოლის დირექტორის გარდაცვალებაზე: განათლების სისტემის ჩართვა ხდება პოლიტიკაში

ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ია კერზაია
fb.com

განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე ამბობს, რომ სამწუხაროდ, "განათლების და სკოლის ჩართვა ისევ ხდება პოლიტიკის საკითხებში". მისი თქმით, განათლების სამინისტროს დირექტორი არ გაუთავისუფლებია და მხოლოდ დასკვნა მოამზადა.

"დასკვნა გადაეცა სკოლის სამეურვეო საბჭოს, რომელსაც შემდეგში უნდა ემსჯელა და მიეღო გადაწყვეტილება, ასეც მოხდა. ძალიან სამწუხაროა, რომ განათლების სისტემის და სკოლის ჩართვა ხდება ისევ პოლიტიკის საკითხებში. 2012 წლიდან, მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ სისტემის განვითარებისთვის დეპოლიტიზება არის უმნიშვნელოვანესი. ამიტომ, არ ვიზიარებთ ამ პოზიციას, ცხადია, კარგი იქნება თუ სახალხო დამცველი და სხვა ინსტიტუტები დაინტერესდებიან" - ამბობს აბულაძე.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით 2 დეკემბერს გადაიყვანეს. 

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა“ გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობდა, რომ სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

„გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია და მოვლენების განვითარების დინამიკა (8-ში ანონიმური წერილი, იმავე დღეს მინისტრის ბრძანება და მეორე დღეს უკვე ზემოთ აღწერილი მოვლენების დაწყება) გვაძლევს მაღალი ალბათობით ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ეს ,,რეიდი’’ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების აქტი, რომელიც მიმართულია რეგიონის სკოლების და მათი დირექტორების დასაშინებლად, მათთვის "ჭკუის სასაწავლებლად" და მესიჯად, რომ ასე მოუვა ყველას ვინც ოცნებასთან არ არის"- წერდა შენგელია.

სკოლის შემოწმებას Facebook-ზე თავად ია კერზაიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არასდროს არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა:

"ახლა ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სახელმწიფო მანქანა მებრძვის. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი, შეუძლებელიც კი გავაკეთე მე-6 საჯარო სკოლისთვის. არ ვაპირებ ჩამოთვლას...ყველამ (მათ შორის იმათაც, ვინც მებრძვის) იცის ამის შესახებ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - წერდა კერზაია.

არჩევნების პერიოდში სკოლაში ინსპექციას "პოლიტიზებულ პროცესს და ზეწოლას“ უწოდებდა ოპოზიციაც.

კომენტარები