პარიზში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, დააკავეს 272 ადამიანი

AFP

საფრანგეთში "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობის ანტი-სამთავრობო აქციები გრძელდება. პარიზში მომიტინგეებმა ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ქალაქის ცენტში 5,000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. პოლიციამ აქციის 272 მონაწილე დააკავა.

დედაქალაქში 8,000-მდე პოლიციელია მობილიზებული, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით 90,000-მდე სამართალდამცველი.

აქციები იმართება საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ლიონსა და მარსელში. მომიტინგეები შეიკრიბნენ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელშიც, სადაც სამართალდამცველებმა 70 ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში "ყვითელი ჟილეტების" აქციები მეოთხე კვირაა გრძელდება. თავდაპირველად მომიტინგეები საწვავზე გადასახადების ზრდას აპროტესტებდნენ, თუმცა შემდეგ მოძრაობა ანტი-სამთავრობო აქციებში გადაიზარდა. მას შემდეგ დაპირისპირებების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

გასულ კვირას პარიზში აქციების დროს მომიტინგეებმა მანქანები დაწვეს და ცეცხლი წაუკიდეს ბანკებს და შენობებს.

პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 48 პოლიციელი. პოლიციის ინფორმაციით დააკავეს 378 ადამიანი, მათ შორის 33 არასრულწლოვანი.

მას შემდეგ, რაც მოძრაობის წევრებთან მოლაპარაკება ვერ შედგა, საფრანგეთის მთავრობამ საწვავზე გადასახადების ზრდის პროექტი ჯერ 6 თვით გადადო, შემდეგ კი 2019 წლის ბიუჯეტიდან ამოიღო.

კომენტარები