საფრანგეთის მთავრობა 8-9 დეკემბერს არეულობის შესაძლებლობაზე გაფრთხილებას ავრცელებს

REUTERS

საფრანგეთის მთავრობა პარიზში კვირის ბოლოს კვლავ არეულობის შესაძლებლობაზე გაფრთხილებას ავრცელებს. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ოფისში აცხადებენ, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო აქციის მონაწილეები დედაქალაქში დაბრუნებას და ვანდალიზმის გაგრძელებას გეგმავენ.

პრემიერმინისტრი ედუარდ ფილიპი ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით 65,000-მე უსაფრთხოების დამცველი იქნება მობილიზებული.

სოციალურ მედიაში პირები, რომლებიც თავს "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობის წევრებს უწოდებენ მოსახლეობას "მეოთხე მოქმედებისაკენ" მოუწოდებენ, რაც აქციების მეოთხე კვირაზე მიუთითებს.

"საფრანგეთს ყელში ამოუვიდა! ჩვენ იქ უფრო მეტნი, უფრო ძლიერები ვიქნებით და ფრანგებისათვის დავდგებით. შევიკრიბოთ პარიზში 8 დეკემბერს." წერია ერთ-ერთი ჯგუფის ბანერზე.

მთავრობა მოსახლეობას 8 და 9 დეკემბერს სახლებში დარჩენისაკენ მოუწოდებს. გადაიდო რამდენიმე საფეხბურთო შეხვედრა. ლუვრი და სხვა მუზეუმები 8 და 9 დეკემბერს მნახველებისათვის დახურვას განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ "ყვითელი ჟილეტების" აქციები საფრანგეთში სამი კვირის წინ დაიწყო. მომიტინგეები საწვავზე გადასახადების გაზრდას აპროტესტებდნენ, თუმცა შემდეგ ის ანტი-სამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.

მას შემდეგ დაპირისპირებების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. კვირას პარიზში აქციების დროს მომიტინგეებმა მანქანები დაწვეს და ცეცხლი წაუკიდეს ბანკებს და შენობებს.

პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 48 პოლიციელი. პოლიციის ინფორმაციით დააკავეს 378 ადამიანი, მათ შორის 33 არასრულწლოვანი.

მას შემდეგ, რაც მომიტინგეებთან მოლაპარაკება ვერ შედგა, საფრანგეთის მთავრობამ საპროტესტო აქციების გამო საწვავზე გადასახადების ზრდის პროექტი ჯერ 6 თვით გადადო, შემდეგ კი 2019 წლის ბიუჯეტიდან ამოიღო.

კომენტარები