არჩევნები 2018

შსს: პოლიციამ გამოძიება სავარაუდო დანაშაულის ოთხ ფაქტზე დაიწყო

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პირველი ბრიფინგი გამართა.

შს მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის თქმით პოლიციამ გამოძიება სავარაუდო დანაშაულის ოთხ ფაქტზე დაიწყო.

მათ შორის:

  • თბილისში - ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე "ტვ პირველის" ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე
  • მცხეთაში - ერთ-ერთ საარჩევნო უბანში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე 
  • ბათუმში - ერთ-ერთ საარჩევნო უბანში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე

სამივე საქმეში ბრალდების ადრესატები როგორც ოპოზიციური, ასევე, მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან.

"რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული ცალკეულ რეგიონებში საპოლიციო ძალების მობილიზებაზე. აღნიშნულის შესახებ ჩვენ გუშინაც გავავრცელეთ განცხადება და ინფორმაცია მივაწოდეთ როგორც საზოგადოებას, ასევე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს.

კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა არჩევნების მიმდინარეობის დროს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ამ მიზნით, ვაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს - საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება" - თქვა ჯავახიძემ. 

დღეს საქართველო მე-5 პრეზიდენტს 6 წლის ვადით ირჩევს. 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 3 528 658-ია. აღსანიშნავია, რომ პირველ ტურთან შედარებით, სია დაახლოებით ცხრა ათასით არის გაზრდილი. ცესკოს ინფორმაციით, საუბარია იმ ამომრჩეველზე, რომლებმაც პირველად გაიარეს რეგისტრაცია არჩევნების მეორე ტურისთვის, გაააქტიურეს ან აიღეს ახალი დოკუმენტები. ასევე, აქ შედიან ამომრჩევლები, რომლებიც 28 ოქტომბრის შემდეგ გახდნენ 18 წლის ან დღეს, 28 ნოემბერს უსრულდებათ 18 წელი. 

ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ხალხის მიერ აირჩევა. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მე-5 პრეზიდენტი ფიცს დადებს, პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. 

კომენტარები