არჩევნები 2018

ცესკო: მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა სია დაახლოებით ცხრა ათასით არის გაზრდილი

28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად დილის 8 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. სრულ მზადყოფნაშია 3703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარ გარეთ 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

ანა მიქელაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა სია დაახლოებით ცხრა ათასით არის გაზრდილი, - "ამომრჩეველთა სია დაახლოებით არის გაზრდილი ცხრა ათასი ამომრჩევლით, აქ საუბარია იმ ამომრჩეველზე, რომლებმაც პირველად გაიარეს რეგისტრაცია არჩევნების მეორე ტურისთვის, გაიაქტიურეს ან აიღეს ახალი დოკუმენტები. ამაში შედიან ამომრჩევლები, რომლებიც 28 ოქტომბრის შემდეგ გახდნენ 18 წლის ან ხვალ, 28 ნოემბერს გახდებიან 18 წლის."

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრირებულია და პროცესს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი, ხოლო საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2300-მდე ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ საზღვარგარეთ გახსნილი უბნები იმუშავებენ დამატებით და ხმის მიცემის პროცედურა გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით დღის 24:00 საათამდე.

რაც შეეხება ავღანეთს, ქართველმა სამხედროებმა კენჭისყრაში მონაწილეობა გუშინ მიიღეს, აღნიშნული ხმები დაითვლება 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც საქართველოში დასრულდება ხმის მიცემის პროცესი.

კომენტარები