არჩევნები 2018

ბახტაძე: ყველა ამომრჩევლის ხმა დაცული იქნება, ეს ჩვენი ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნებაა

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ხვალინდელ საპრეზიდენტო არჩევნებში თითოეული მოქალაქის ხმა დაცული იქნება და ეს ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნებაა.

ამის შესახებ პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ხვალ ჩვენს ქვეყანაში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში ტრადიციად იქცა დაა ქართველი ხალხის ამ მონაპოვარს ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის დაიცავს. ხვალ თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, საკუთარი მოსაზრებისა და სინდისის კარნახით მისცეს ხმა მისთვის სასურველ კანდიდატს. თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული და ეს არის ჩვენი ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნება", - თქვა ბახტაძემ.

მან მოქალაქეებს არჩევნებში აქტიურობისკენ და მოქალაქეობრივი ვალის შესრულებისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, პრემიერმინისტრმა დამსაქმებლებსაც მიმართა და მოუწოდა არ შეზღუდონ თანამშრომლები კანონით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში.

"ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი, გამჭირვალე და დემოკრატიული. მოვუწოდებ ყველას, დაიცვას კანონის მოთხოვნები, არ შექმნას საარჩევნო პროცესში ისეთი ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვას, საფრთხეს შეუქმნის და ჩრდილს მიაყენებს არჩევნების პროცესს. ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო მოქმედების შემთხვევაში, სახელმწიფო იმოქმედებს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით", - აღნიშნა ბახტაძემ.

დღესვე, მან დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს ურზუნველყონ წესრიგი საარჩევნო უბნებზე, რეაგირების გარეშე არ დატოვონ და დროულად აღკვეთონ ნებისმიერი კანონდარღვევა

მამუკა ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიისთვის მონიტორინგის და გაშუქების პირობებს ხელისუფლება უზრუნველყოფს.

"დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერი იქნება საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება, რაც ქართული სახელმწიფოს კიდევ ერთ გამარჯვებას ნიშნავს", - თქვა პრემიერმინისტრმა.

საპრეზიდენტო არჩევნები ხვალ, 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს გაიმართება. საქართველოს მოსახლეობა მეხუთე პრეზიდენტს "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის კანდიდაი, გრიგოლ ვაშაძეს შორის ირჩევს. ეს იქნება ბოლო არჩევნები, როცა საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა იქნება შესაძლებელი. 

კომენტარები