არჩევნები 2018

"ბირჟა მაფიის" წევრმა ხელისუფლების მხარდამჭერი კლიპი ჩაწერა

ბირჟა მაფიის წევრმა, რეპერმა Young Mic-მა (მიშკა მგალობლიშვილი) ხელისუფლების მხარდამჭერი კლიპი ჩაწერა. ის ნაციონალურ მოძრაობას აკრიტიკებს.

"აბა, მაშინ გეცადა და მთავრობაზე გეხუმრა... დაგამუღამებინებდნენ, ღადაობა როგორ უნდა, განახებდნენ, ოთხზე დაყენება როგორ უნდა", "რა ჩადება, რის ჩადება, დაგიჭერდა, გაწამებდა", "ქალი, საფრანგეთიდან ახალი ჩამოსული, მეორე მხარეს კაცი, საბჭოთა პრორუსული, კაგებეს ძველს თანამშრომელს თურმე უდგას ქართული სული, ნუთუ გჯერათ და ჯერაც არ გცემთ ტყუილის სუნი" - მღერის რეპერი და რუსთავი 2-ს "არასწორს" უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრები, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 2017 წლის 7 ივნისს დააკავეს. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლით ედებოდათ და ბრალის დადასტურების შემთხვევაში, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ. დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს ღონისძიება გირაოთი შეცვალა. 

თავად რეპერების მტკიცებით, მათ ნარკოტიკები ჩაუდეს და რეალურად კლიპისთვის (Tsl Shavi Zeda) დააკავეს, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული - ის მუხლებზე დგას და ყელზე საბელი აქვს შებმული. მიშკა მგალობლიშვილი (Young Mic) სასამართლო პროცესზე ამბობდა, რომ სამართალდამცველებმა მას უთხრეს - "ვიღაც ძალიან გააღიზიანე და იმისთვის დაისჯებიო". ასევე ელაპარაკებოდნენ კლიპზე და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

რეპერების დაკავების გამო, რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი აქციები იმართებოდა. ასევე მათი გათავისუფლების მოთხოვნით, შეიქმნა პეტიცია.

საქართველოს პროკურატურამ ბირჟა მაფიას წევრების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2017 წლის დეკემბერში შეწყვიტა. 

კომენტარები