არჩევნები 2018

ქალთა უფლებადამცველი NGO-ები: საარჩევნო კამპანიაში გენდერული დისკრიმინაცია არ ფიქსირდება

ქალთა მოძრაობა

ქალთა უფლებამდამცველი ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ქალი კანდიდატების მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული საარჩევნო კამპანია არ ყოფილა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ქალთა მოძრაობა და სადამკვირვებლო ორგანიზაციები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდნენ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსიზმის გამოვლენის მიზნით, ვინაიდან საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კენჭს ორი ქალი იყრიდა.

"აღსანიშნავია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში ხასიათდება განსაკუთრებით დაბალი პოლიტიკური კულტურით, რაც გამოიხატება, ერთი მხრივ, საკითხებზე არაორიენტირებული კამპანიებითა და, მეორე მხრივ, პირადი ხასიათის თავდასხმებით. თუმცა დღემდე გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული საარჩევნო კამპანია ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების და არც დამოუკიდებელი მედია მონიტორინგის ანგარიშებში არ დაფიქსირებულა, გარდა ცალკეული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან (მიხეილ სააკაშვილი, შალვა ნათელაშვილი) გაკეთებული რამდენიმე სექსისტური გამონათქვამისა. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულ განცხადებებს არ მიუღია კამპანიური ხასიათი და არ გამხდარა საზოგადოებრივი განხილვის საგანი", - აღნიშნავენ ორგანიზაციები.

მათივე განცხადებით, მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან მათი მხარდაჭერილი ქალი კანდიდატის გენდერული დისკირმინაციის მსხვერპლად წარმოჩენა და ბილბორდებზე მისი კაცი პოლიტიკოსებით ჩანაცვლება გენდერული თანასწორობის იდეას აზიანებს.

ორგანიზაციები მოუწოდებენ "ქართულ ოცნებას" გამოიჩინოს მეტი გენდერული მგრძნობელობა და არ წარმოაჩინოს სალომე ზურაბიშვილი მსხვერპლად.

"მმართველი პოლიტიკური გუნდი გამუდმებით ცდილობს მათ მიერ მხარდაჭერილი ქალი კანდიდატის გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლად წარმოჩენას კონკრეტულ ფაქტებზე მითითების გარეშე. მსგავსი მიდგომა, განსაკუთებით კი მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, გაექრო მის მიერ მხარდაჭერილი ქალი კანდიდატი არჩევნების მეორე ტურის კამპანიიდან და სარეკლამო ბილბორდებზეც კი ჩაენაცვლებინა იგი კაცი პოლიტიკოსებით, აზიანებს გენდერული თანასწორობის იდეას და კიდევ უფრო ხელს უწყობს ქალი პოლიტიკოსების მარგინალიზაციას.

მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხაზგასმით კი მმართველ პოლიტიკურ ძალას "ქართულ ოცნებას", გამოიჩინოს მეტი გენდერული მგრძნობელობა, არ წარმოაჩინოს სალომე ზურაბიშვილი მსხვერპლად, კაცებთან შედარებით სუსტ პოლიტიკოსად და არ გაამყაროს გენდერული სტერეოტიპი ქალი პოლიტიკოსების მიმართ. მსგავსი რიტორიკა აზიანებს ზოგადად საარჩევნო გარემოს და კიდევ უფრო აფერხებს ქალების პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებაში ორგანიზაციები საუბრობენ იმაზეც, რომ ქალთა მოძრაობა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები არაერთი წელია იბრძვიან ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისთვის, მათ შორის, გენდერული კვოტის ადვოკატირებით. ისინი აღნიშნავენ, რომ სამწუხაროდ, ექვსი წლის განმავლობაში არაერთგზის ინიცირებული კვოტების კანონპროექტს ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა.

ორგანიზაციები საუბრობენ იმაზეც, რომ გენდერული თანასწორობის საკითხებზე საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებს 5 მოწვეული კანდიდატიდან მხოლოდ ორი დაესწრო და მათ შორის არც ერთი არ იყო მეორე ტურში გადასული კანდიდატი.

"განსაკუთრებული იმედგაცრუება გამოიწვია ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ქალი კანდიდატის არ მოსვლამ ორგანიზატორების მხრიდან მრავალჯერადი მოწვევისა და ალტერნატიული თარიღის შეთავაზების მიუხედავად", - აღნიშნავენ ისინი.

განცხადება ორენოვანია: ქართული და ინგლისური და მას ხელს აწერენ:

  • ქალთა მოძრაობა
  • საფარი
  • ქალთა მზერა
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • ახალგაზრდა მწვანეები
  • თანასწორობის მოძრაობა
  • ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ
  • ქალები საერთო მომავლისათვის

კომენტარები