არჩევნები 2018

"ვუთხარი, როგორ გარდაიქმნა ეს კამპანია ბნელ საბჭოთა კამპანიად" - ზურაბიშვილი აშშ-ს ელჩს შეხვდა

www.facebook.com/zourabichvilisalome

"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ როს უილსონი ახლახანს ჩამოვიდა საქართველოში, აქამდე მხოლოდ მთავრობასთან ჰქონდა ოფიციალური შეხვედრები და შემდეგ პირველად მას შეხვდა, რათა საარჩევნო გარემოზე ესაუბრა.

"მე ავუხსენი რა მდგომარეობაში დაიწყო ეს საარჩევნო კამპანია, რა იყო ჩემი მოწოდება - რომ ეს ყოფილიყო ევროპული და დასავლური ტიპის კამპანია და როგორ გარდაიქმნა ეს კამპანია ბნელ საბჭოთა კამპანიად, ვიდრე ის რასაც მე ვისურვებდი. ამის შესახებ ძალიან ბევრი დეტალები გავაცნე მას. თუნდაც ის ბოლოდროინდელი მუქარები, რომელიც სხვათაშორის, ეხება ჩემს ქალიშვილს, რომელიც არის ამერიკის მოქალაქე და ეს მისთვის აუცილებლად სათქმელი იყო, რომ სცოდნოდა. ასევე, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა იქნებოდა ჩემი პოზიციონირება, როგორც პრეზიდენტის, რა თემები, რა პრიორიტეტები და რამდენად რთული იყო ამ თემების და პრიორიტეტების გაცნობა მოსახლეობისთვის გამომდინარე იქედან, თუ როგორ ჩატარდა ეს კამპანია და რამდენი ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობდა", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დღის მეორე ნახევარში მის კონკურენტს, გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება, შემდეგ კი "ალბათ იქნება ოფიციალური განცხადება საელჩოში".

სალომე ზურაბიშვილმა ამ განცხადების შემდეგ ტერიტორია დატოვა. მან ჟურნალისტების კითხვებს დღესაც არ უპასუხა.

კომენტარები