არჩევნები 2018

ბილბორდებზე ზურაბიშვილის ჩანაცვლება შეიძლება უკანონოდ ჩაითვალოს, საქმეს აუდიტი შეისწავლის

თუ ბილბორდისა და მისი განთავსებისთვის ხარჯები "ქართულმა ოცნებამ" გასწია, ეს შეიძლება ჩაითვალოს უკანონო შემოწირულობად - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა პავლიაშვილმა ტაბულასთან საუბარში თქვა. 

მისი თქმით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიას შემოწირულების უფლება არ აქვს და ეს საკითხი აუდიტის სამსახურმა აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს. 

"შეიძლება იკვეთებოდეს, რომ პოლიტიკურმა პარტიამ დაამზადა ეს სააგიტაციო მასალა და შემოწირულობად ითვლებოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, მოხდეს შესწავლა, რამდენად დაამზადა ეს სააგიტაციო მასალა და რა ხარჯი გასწია "ქართულმა ოცნებამ". გარდა დამზადებისა და ბილბორდებზე განთავსების თანხისა, იგივე ბილბორდების ქირავნობისთვის რა თანხა დახარჯა. ვინაიდან, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიას უფლება არ აქვს განახორციელოს შემოწირულობა. ამიტომ ეს შეიძლება ჩაითვალოს უკანონო შემოწირულობად და ამიტომ აუდიტი უნდა დაინტერესდეს, რათა ასეთი საკითხები გამოირიცხოს და გამოიკვეთოს, აქვს თუ არა ადგილი რაიმე სახის დარღვევას"- ამბობს პავლიაშვილი.  

მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც უნდა დაიწყოს მოკვლევა, თუ ბილბორდი ფიზიკურმა პირმა დაამზადებინა, რადგან შემოწირულობისთვის ლიმიტი, ფიზიკური პირებისთვის განსაზღვრულია 60 000 ლარის ოდენობით.

"ამიტომ ამ მიმართულებით ინფორმაციის წარდგენა როცა მოხდება, თუ იმ ხარჯზე მეტია, რასაც განსაზღვრული ლიმიტი ადგენს, ამ შემთხვევაში სწორედ ეს ჩაითვლება დარღვევად და აქაც საინტერესოა, იგივე აუდიტის სამსახურმა შემდეგ უკვე, როცა დეკლარირება მოხდება ამ თანხების, ყურადღებით შეისწავლოს, ხომ არ მოხდა რაიმე სახის დარღვევა",- აღნიშნა მან. 

ტაბულას აუდიტის სამსახურში უთხრეს, რომ უწყებას ბილბორდებზე ინფორმაცია აქვს და აღნიშნული საკითხის შესწავლას დაიწყებს. 

დღეს, ქუჩებში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი რამდენეიმე ახალი ბანერი გამოჩნდა, რომლებზეც მხოლოდ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე არიან გამოსახულნი, პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კი არსად ჩანს. 

კომენტარები