თბილისის ბაგა-ბაღები

კალაძე: ბავშვების კვების რაციონის ხარჯზე გადაცდომები და ღალატი არავის ეპატიება

ქართული ოცნება

თბილისის ოთხი საბავშვო ბაღის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება და ამბობს, რომ "ბავშვების კვების რაციონის ხარჯზე გადაცდომები და ღალატი არავის ეპატიება".

კახა კალაძის შეფასებით, საკითხის პოლიტიზირება არასწორად ხდება და "რეალურად პრობლემა არ არის". მისი თქმით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ყოველთვის ამოწმებს ბაღებს და ეს ახლა არ დაწყებულა.

"ადრეც ვსაუბრობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ჩვენ არავის ვაპატიებთ გადაცდომას, განსაკუთრებით იქ, სადაც საუბარია პატარებზე, ბავშვებზე. ბავშვების კვების რაციონის ხარჯზე გადაცდომები და ღალატი არ ეპატიება არავის“, - თქვა კალაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

კითხვაზე, დირექტორების გათავისუფლება არჩევნებს ხომ არ უკავშირდება, კალაძემ თქვა, რომ "ეს არუს ძალიან დიდი ტყუილი".

თბილისის 109-ე, 50-ე, 169-ე და 145-ე საბავშვო ბაღების დირექტორები თანამდებობებიდან გუშინ გაათავისუფლეს. ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის კახა გვანცელაძეს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი ოთხი სახის დარღვევა გახდა - ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვების მოპარვა, მენიუს შეცვლა, თანამშრომლებთან დარღვევით გაფორმებული კონტრაქტები და გადაცდომები საქმის წარმოებაში. 

კომენტარები