იური მეჩითოვი

ბაქრაძე მეჩითოვზე: ეს ადამიანი გამოდის და ებრძვის საკუთარ სამშობლოს

პარტია "ევროპული საქართველო"-ს თავჯდომარე დავით ბაქრაძე, თოქ-შოუ კვირის აქცენტების ეთერში, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, იური მეჩითოვის ინტერვიუს გამოეხმაურა: 

"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თავშეკავებული ადამიანი ვარ, ჩემთვის იყო უმძიმესი მოსასმენი, რაც ცხრა აპრილთან დაკავშირებით მოვისმინე, ვერ ვიტყვი სიტყვა "ბატონი" მეჩითოვის მხრიდან, არ ვიცი როგორ ვახსენო ეს ადამიანი საერთოდ და როგორ მივმართო მას. მე იმ ღამეს იქ ვიყავი. საავადმყოფოში ვიყავი ცხრა აპრილის შემდეგ იმიტომ, რომ მოვიწამლე და ჩემთან ერთად იყო ძალიან ბევრი, მაშინ ვიყავით ბავშვები, სკოლის მოსწავლეები. 9 აპრილი ჩვენთვის იყო დღე და მომენტი, როცა ჩვენ ვისწავლეთ, რომ გვაქვს ქვეყანა, რომ გვაქვს სამშობლო და ქვეყნისთვის და სამშობლოსთვის უნდა იბრძოლო, ამიტომ ჩემთვის ემოციურად იყო უმძიმესი მოსასმენი, როდესაც აი ეს ადამიანი გამოდის და ებრძვის საკუთარ სამშობლოს, ებრძვის ჩვენ ისტორიას, ებრძვის ჩვენ სახელმწიფო იდეას და ეს ბრძოლა 2008 წელი კი არ არის მხოლოდ, ჩვენ რაღაცნაირად, სამწუხაროდ უკვე მივეჩვიეთ, რომ წინა ხელისუფლებასთან ბრძოლის იდეით ებრძვიან 2008 წელს და ამით ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს, მაგრამ იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ ებრძვიან საერთოდ ჩვენი სახელმწიფოებრიობის იდეას, იმას რაც თითოეული ქართველისთვის წმინდაა."

მეჩითოვმა Al Jazeera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 9 აპრილი შოუ და კრიმინალური აქტი იყო:

"აქციის მონაწილეები 13-დან 25 წლამდე იყვნენ ძირითადად. მხოლოდ ახალგაზრდები. მონაწილეების 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ 9 აპრილი შოუ იყო და ისინი შოუს მონაწილეები იყვნენ. ეს იყო კრიმინალური აქტი, აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რათა მიეღოთ ასეთი შედეგი. ეს იყო გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის მოუკლავს.

რა გაქვთ საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო არ ვიცი. ხალხი ისეთი ბედნიერი იყო. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი.

რა გაქვთ რუსეთის საწინააღმდეგო? 200 წელი ვიყავით რუსეთის ქვეშ და ვიყავით აყვავებულები."

კომენტარები