არჩევნები 2018

სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას ტრისტან წითელაშვილიც უცხადებს

რუსთავი 2

პოლკოვნიკი, სამშობლოს ღალატისთვის მსჯავრდებული ტრისტან წითელაშვილი სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს შეუერთდა. მან დღეს ამის შესახებ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.

"სალომე ზურაბიშვილს ვუჭერ მე მხარს, რადგან სალომე ზურაბიშვილის არის ის ადამიანი, რომელიც შეებრძოლება იმ უსამართლობას, რა უსამართლობაც დატოვა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი დაძაბული ბრძოლა არ იქნება, ქართველი ხალხი გაიაზრებს და რეალურად გააკეთებს იმ არჩევანს, რომელი არჩევანიც ეფუძნება პირდაპირ იმ მშვიდობას, იმ სიწყნარეს და იმ სიყვარულს და არა ძალადობას", - ამბობს წითელაშვილი რუსთავი 2-თან.

პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააკავეს და სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წლის იანვარში, ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ მან ციხე დატოვა.

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას აპირებენ ძალადობრივი ჯგუფის, "ქართული მარშის" წევრებიც. მათ პირველ ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატს მხარს დაუჭერენ, თუ ხელისუფლება ორ პირობას შეასრულებს. მათგან ერთ-ერთი კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევაა, რასაც, როგორც პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა, ხელისუფლება აპირებს.

კომენტარები