საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს - ზვიად გონაძე მიხეილ ნინუამ შეცვალა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. მიხეილ ნინუამ ამ პოსტზე ზვიად გონაძე შეცვალა.

ინფორმაციას მისი საქმიანობის შესახებ საგარეო უწყება ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ნინუას გააჩნია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.

"2005-2006 წლებში საქმიანობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში; მას შემდეგ ეკავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობები. მიხეილ ნინუა სხვადასხვა დროს გახლდათ ფოთის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, შპს "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე", - აღნიშნავს სამინისტრო.

მათივე ინფორმაციით, მიხეილ ნინუამ 2010 წელს საქმიანობა განაგრძო კანადურ-ბრიტანულ ნავთობსაძიებო კომპანია Tethys Petroleum Limited- ში, სადაც ჯერ ტაჯიკეთში არსებული კომპანიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა, ხოლო 2013 წლიდან 2016 წლამდე ამ კომპანიას ყაზახეთის რესპუბლიკაში წარმოადგენდა. 2015-2017 წლებში იყო ტაჯიკეთის რესპუბლიკის ნავთობ-საძიებო კომპანიის Skyland Petroleum Group-ის საოპერაციო დირექტორი, 2017 წლიდან კი, კომპანია Avenue Construction Georgia-ს დირექტორი.

გარდა ამისა, სამინისტრო ამბობს, რომ მინისტრის ახალ მოადგილეს 2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

მიხეილ ნინუა მინისტრის მოადგილის რანგში საქმიანობას 2018 წლის 5 ნოემბრიდან შეუდგება.

კომენტარები