აფეთქება ქედაში

შსს: ქედაში აფეთქების ფაქტზე, რომელსაც 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

ქედაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, რომელსაც 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით დაკავებულები არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული მ.ჯ., 1975 წელს დაბადებული ჰ.ქ. და 1987 წელს დაბადებული ზ.ჩ.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში, შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯია”-ს  ქვე კონტრაქტორი შპს „ალბაირაქი"-ს და შპს ,,დინამიტი-ლ.დ"-ს თანამშრომლები გამოძიების პირველადი ინფორმაციით უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდნენ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს.  ძლიერი  აფეთქების შედეგად გასროლილი ქვა თავის არეში მოხვდა 2012 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა." - წერია შსს-ს განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას  გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების შედეგად, შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.

კომენტარები