არჩევნები 2018

კალაძე: არ ვიცი, ვინ რა თქვა, არანაირი სამოქალაქო ომი არ იქნება

კახა კალაძე ქართული ოცნების 11 მაისის ყრილობაზე
ქართული ოცნება

"არანაირი სამოქალაქო ომი არ იქნება" - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ კითხვას, იზიარებს თუ არა მოსაზრებას, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება სამოქალაქო ომია დაიწყოს.

"არ ვიცი, მე ვინ რა თქვა, ქართული ოცნება არ დაუშვებს ქვეყანაში დესტაბილიზაციას, ამის გარანტი არის პარტია ქართული ოცნება, ამის გარანტი არის ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება" - თქვა კალაძემ.

ტაბულას კითხვას, "ანუ არ ეთანხმებით თანაგუნდელების მოსაზრებას?", თბილისის მერმა არ უპასუხა.

ცნობისთვის, დღეს ქართული ოცნების დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ თქვა, რომ "თუ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი სამოქალაქო ომის დაწყებისკენ". ფოფხაძეს მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიც ეთანხმება. მისი შეფასებით, არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება დესტაბილიზაციას გამოიწვევს, "ვინაიდან ვაშაძე ციხიდან მწამებლების გამოშვებას აპირებს". სესიაშვილი ამბობს, რომ პროცესი დაიძაბება და ის "პირველი ჯარისკაცი იქნება, ვინც ამ ქვეყანას მოღალატეებისგან, მწამებლებისგან და კაცთმოძულეებისგან დაიცავს". ქართული ოცნების წევრების მსგავსად ფიქრობს, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი გიორგი ლომია. მისი თქმით, "სამოქალაქო ომის წინაშე ვდგავართ, სისხლისღვრა უნდა ავიცილოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ნაციონალურმა მოძრაობამ არ გაიმარჯვოს".

მმართველი გუნდის დეპუტატების განცხადებებს სახიფათოს უწოდებს საპარლამენტო ოპოზიცია. ევროპულმა საქართველომ დღეს ხელისუფლებას მოუწოდა, "გადააბიჯოს საკუთარ თავს და დაგმოს სამოქალაქო ომზე საუბარი".

კომენტარები