არჩევნები 2018

ვაშაძე: მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, შეეშვან ამომრჩევლის მოსყიდვას

"ძალა ერთობაშია"-ს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის თქმით, ქართული ოცნება ამომრჩეველს საარჩევნო უბნებზე ფულს ურიგებს. ის მოუწოდებს მმართველ გუნდს, "შეეშვით ამომრჩევლის მოსყიდვას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული". გიორგი ვაშაძე სხვა დარღვევებზეც საუბრობს.

"საგანგაშოა, რომ ქობულეთის 32-ე უბანზე ორი 5 ნომერია ბიულეტენში, ანუ მეორე 51 თუ რაღაც უნდა ყოფილიყო და ერთიანი აკლია ბიულეტენში. დაფიქსირებულია ავტომანქანებიდან პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები საარჩევნო უბნებზე, თანხებს როგორ არიგებს "ქართული ოცნების“ აქტივისტები. მასიურად, საარჩევნო უბნებზე შესასვლელში არის გამოკრული დარღვევით "ქართული ოცნების“ პლაკატები, რაც არის ასევე დარღვევა და ჩვენ საჩივრები გვაქვს შეტანილი შესაბამისი და ვითხოვთ კომისიებისგან, რომ გასუფთავდეს საარჩევნო უბნები, რომ არ მოხდეს ამომრჩეველზე ზეწოლა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე მტკიცებით, მარნეულში, 58-ე უბანზე დეპუტატი ქაზიმ ქარიმოვი ფიზიკურად გაუსწორდა ოპოზიციის წარმომადგენელს.

"ხელით შეეხო, რაზეც პატრულია გამოძახებული, მაგრამ სამწუხაროდ, პატრული არ ახდენს შესაბამის რეაგირებას. გლდანში 82-ე და 83-ე უბანზე ავტომობილიდან მოქალაქეებს ფულს ურიგებენ უბანთან" - ამბობს ვაშაძე.

კომენტარები