ყოფილი ევრომოსამართლის ნანა წოწორიას შეფასებით, ნებისმიერი, განსაკუთრებით კი ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო გამოსვლა თუ ნაშრომი მტკიცებულებად შეიძლება გამოიყენონ მხარეებმა. წოწორიას თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ომის თემაზე განსაკუთრებით საშიშია, ხოლო პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში - განუზომელი იქნება ქვეყნისათვის მიყენებული ზიანი.
"თითქმის 10 წლის განმავლობაში ვიყავი ეროვნული მოსამართლე 2008 წლის აგვისტოს ომზე საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სახელმწიფოთაშორის საქმეში. ასევე ვმონაწილეობდი ომთან დაკავშირებული 1500-მდე ინდივიდუალური საჩივარის განხილვაში, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ორგანიზებით ეთნიკურმა ოსებმა შეიტანეს. შესაბამისად, კარგად ვიცი, რომ ამ კატეგორიის საქმეებში ნებისმიერი, განსაკუთრებით კი ხელისუფლების წარმომადგენლების, საჯარო გამოსვლა თუ ნაშრომი მტკიცებულებად შეიძლება გამოიყენონ მხარეებმა. ამიტომ არის უკიდურესად საშიში სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ომის თემაზე. პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში კი განუზომელი იქნება ქვეყნისათვის მიყენებული ზიანი.
სამართლებრივი ნონსენსია, რომ ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო და ის ხელისუფლება, რომელიც მას წარმოადგენს. ამიტომ, მაშინაც, კი როცა ამბობენ, რომ ომი საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო, მასში საქართველო, როგორც სახელმწიფო იგულისხმება. საქართველოს დადანაშაულება ომის დაწყებაში მხოლოდ მისი მტრის, რუსეთის ინტერესებშია. ზოგადად, დაუშვებელია ომის დაწყების თემის შიდაპოლიტიკური დებატების საგნად ქცევა. ნუ იქნებით მტრის მოკავშირე! ნუ გახდებით ქვეყნისათვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობის თანაზიარი. არ მისცეთ ხმა სალომე ზურაბიშვილს" - წერს სტრასბურგის სასამართლის ყოფილი მოსამართლე.
ცნობისთვის, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ 2008 წელს საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო და "ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა". მისი წიგნიდან ციტატები რუსეთმა ჰააგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელში გამოიყენა.





