ივანიშვილის ინტერვიუ

ბახტაძე: ივანიშვილმა მოითხოვა, ნებისმიერი ტელევიზიიდან ისმოდეს განსხვავებული აზრი

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ისგან მხოლოდ განსხვავებული აზრის ჩვენება და მინიმალური სტანდარტების დაცვა მოითხოვა. ხოლო ივანიშვილის ნათქვამის შეფასება, თითქოს ვინმე ტელევიზიას ემუქრება, პრემიერი თვლის, რომ არასერიოზულია. 

"მინიმალური სტანდარტის მოთხოვნა, რომ ნებისმიერი ტელევიზიიდან, მათ შორის რუსთავი 2 -დან უნდა ისმოდეს განსხვავებული აზრი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოქალაქეობრივი პოზიცია. ამის თარგმნა იმაში, რომ ვიღაცა ტელევიზიას ემუქრება, ეს არასერიოზულია, დამერწმუნეთ. მედიაში აუცილებლად უნდა იყოს განსხვავებული აზრი და ჟურნალისტური სტანდარტი უნდა იყოს დაცული. რა თქმა უნდა თვითონ მედიის გადასაწყვეტია ამ სტანდარტებს თუ დაიცავს. მაგრამ, ის, რომ არ ისმის განსხვავებული აზრი და ის, რომ გარკვეული ადამიანები მიუხედავად მათი მცდელობისა, ვერ მიდიან ტელევიზიაში თავისი აზრის დასაფიქსირებლად, ეს ჩემი აზრით სრულიად მიუღებელია",- ამბობს მამუკა ბახტაძე. 

შეგახსენებთ, რომ 3 ტელევიზიის ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს, ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი 2-ზე ბევრი ისაუბრა. მან ტელევიზიას და მის ჟურნალისტებს მატყუარები უწოდა და თქვა, რომ "მცდელობას არ დააკლებს, რომ რუსთავი2-ში განსხვავებული აზრი შევიდეს და არა ეს სიცრუე".

კომენტარები