"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრისა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს აფასებს.
ის ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საგამოძიებო საპარლამენტო კომისიაზე იმის თქმა, რომ ვერაფერი დაადგინა, ცინიკური სიცრუეა. გარდა ამისა, გიგა ბოკერია თქმით, დადასტურდა, რომ ხელის დაფარების და საზოგადოების სიცრუით დაბნევის სტილი პირდაპირ ივანიშვილისგან მოდის.
"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პირდაპირი სიცრუის და ასე თავხედურად ხელის დაფარების, საზოგადოების სიცრუის მორევით დაბნევის ეს უაღრესად ცინიკური, უტიფარი სტილი მოდის პირდაპირ ივანიშვილისგან, რომელიც არის შემოქმედი ამ სისტემის, რომელმაც ხელი დააფარა ჯერ მკვლელობაში მონაწილეებს იმის გამო, რომ მაღალჩინოსანი იყო ჩარეული ამაში და შემდეგ ხელი დააფარა იმათ, ვინც გააფუჭა ეს საქმე. ცინიკური სიცრუეა, რომ კომისიამ ვერაფერი დაადგინა, მაშინ როცა კომისიამ დაადგინა, და საზოგადოებამ კარგად იცის, კონკრეტული პირი, ვისაც დააფარეს ხელი - მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ვის გამო დააფარეს ხელი - სუბელიანი, ვინ დააფარა ხელი - შოთაძე, ფხაკაძე და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. მთელი სისტემა მოწყობილი იყო იმისთვის, რომ თუკი ახალგაზრდა იქნება ასეთ სისხლიან გარჩევაში გარეული, მაგრამ მთავრობაში ახლობელი ჰყავს, ის შეიძლება გამოძვრეს და ამ ყველაფრის შემოქმედი არის პირადად ივანიშვილი", - ამბობს ბოკერია.
მან რუსთავი 2-სა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ივანიშვილის განცხადებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ექსპრემიერის ერთადერთი დაპირება ოპონენტების გაჩუმება იყო.
"ერთდერთი რამე იყო, რასაც ჰპირდებოდა ამომრჩეველს, რომ გააჩუმებს ოპონენტებს. პირდაპირი მუქარა რუსთავი 2-ის მიმართ, პირდაპირი გამართლება იმ უღირსი, ბინძური და ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი თავდასხმისა NGO-ებზე, განსხვავებულ აზრსა და ოპონენტებზე. მან მთლიანად გაამართლა კობახიძისა და წულუკიანის ხაზი, იმიტომ რომ ის არის შემოქმედი ამ ადამიანის პოლიტიკაში არსებობისა და ამ ხაზის, რომელიც უაღრესად საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის, არამარტო რეპუტაციისთვის გარეთ, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის შიგნით", - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ.
გიგა ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილის პასუხი პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებზე იყო "შემზარავად ცინიკური".
"ამ ამაზრზენ ამბავზე პირდაპირი ცინიზმით უნდოდა, რომ ჟურნალისტებს დაესახელებინათ გვარები იმათი, ვისი პირადი ცხოვრების ჩანაწერებიც იყო. ეს გვაჩვენებს უმძიმეს პრობლემაზე. მე ვიტყოდი, რომ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი საზოგადოების მომავლის, ღირსების, თავისუფლების, ამ ქვეყნის ამ ეტაპზე ამ ჭაობიდან გამოსვლის შანსთან დაკავშირებული ამბავია 28 ოქტომბერს მოსვლა არჩევნებზე და უარის თქმა იმ ადამიანისთვის, ვინც არამარტო დაგვცინის, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენს ცხოვრებას, ჩვენი ახალგაზრდების სიცოცხლეს, ჩვენს ღირსებას, თავისუფლებას და მთლიანად ჩვენი ქვეყნის მომავალს. ეს კაცი არის ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ შერჩეული კანდიდატი არის სალომე ზურაბიშვილი, სამარცხვინო კანდიდატი. 28 ოქტომბერს ამ ყველაფერს უნა გავცეთ პასუხი", - თქვა ბოკერიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, 23 ოქტომბერს თქვა, რომ "რუსთავი 2 რომ გამორთოთ, ქვეყანაში აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავთ". გარდა ამისა, მისივე თქმით, "ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ "ვერაფერი მინიშნება ვერ გააკეთა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ჰქონდა განსაკუთრებული ინტერესი, ვიღაცისთვის ხელი დაეფარებინა, ან რაღაც დაემალა". სამი ტელევიზიის ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს, ბიძინა ივანიშვილმა "უზნეობა" უწოდა ხორავას ქუჩის მკვლელობის და სანდრო გირგვლიანის საქმეებს შორის პარალელის გავლებას. გარდა ამისა, ივანიშვილმა თქვა, რომ 2016 წელს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელება არ ახსოვს.





