ზურაბიშვილი შემოწირულებებზე: ნაწილი მოდის ჩემი პიროვნებიდან, წრიდან და გამონათქვამებიდან

ქართული ოცნების პრესსამსახური

რადიო თავისუფლების კითხვაზე, რას ფიქრობს მისთვის შეწირულ მილიონებზე, პრეზიდენტობის ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი ამბობს, რომ ნაწილი მოდის "ჩემი პიროვნებიდან, ჩემი წრიდან და ჩემი გამონათქვამებიდან". კითხვაზე, რომ მანამ, სანამ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერდა, დაფინანსების ნაკადი არ ყოფილა, პრეზიდენტობის კანდიდატი პასუხობს, რომ ნაკადი "ყოველთვის ერთბაშად" არ მოდის.

"ნაწილი არის უშუალოდ ჩემი და იმ წრეების, რომელსაც მართლაც უნდათ ევროპელი, პროფესიონალი, ამ ტიპის პრეზიდენტი... მე არ უარვყოფ კიდევ ერთხელ, რომ ნაწილი არის ჩემზე და გამოდის ჩემი პიროვნებიდან, ჩემი წრიდან და ჩემი გამონათქვამებიდან, რომელიც არის მიმართული იმისკენ, რომ ამ საზოგადოებაში სწორედ პროფესიონალები, ინიციატივის მქონე ადამიანები და ბიზნესები, რომლებიც სხვათაშორის, დავიცავი, თუნდაც ბოლო დროს, როცა ვიყავი დამოუკიდებელი დეპუტატი და ბადაგონს ემუქრებოდა ზეწოლა... ეს ხალხი ბუნებრივად მოდის იმ კანდიდატისკენ, რომელსაც აქვს ორივე - არ არის დაპირისპირებული ხელისუფლებასთან, მაგრამ არის დამოუკიდებელი, გამომდინარე ჩემი წარსულიდან და ჩემი თუნდაც ცნობილი ხასიათიდან, იციან, რომ მე იმ პრინციპულ საკითხებზე, ვიქნები დამოუკიდებელი" - ამბობს ზურაბიშვილი.

კითხვაზე, "ყველა ბიზნესს დაიცავთ, უკანონოდ შევიწროებულს მომავალში?", პრეზიდენტობის კანდიდატი პასუხობს - "ვნახავ, როგორ იქნება".

ცნობისთვის, 3-დან 16 ოქტომბრამდე პერიოდში მმართველი პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატმა შემოწირულობა 108 ფიზიკური და ერთი იურიდიული (მედია ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი) პირისგან მიიღო. ამ პერიოდში შემოწირულობებმა ჯამში თითქმის 2 მილიონი (1916026) ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მხოლოდ ოქტომბრის პირველ ცხრა დღეში იმაზე ხუთჯერ მეტი შემოწირულობა მიიღო, ვიდრე მთელი სექტემბრის განმავლობაში. 

სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებს შორის არიან კომპანია RMG Copper-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ბალანჩივაძე, რესტორან "კახელების" მფლობელები, ​კომპანია "სარაჯიშვილის" აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბუბუტეიშვილი, "ლე ხაინდრაო პროდაქშენის" დირექტორი გოგა ხაინდრავა, "ქართული ოცნებიდან" გორის მაჟორიტარი იოსებ მაკრახიძე. ასევე დედაქალაქის მერი, ბიძინა ივანიშვილის ძმა, ბადრი პატარკაციშვილის დედა და დები, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი, ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგები.

ზურაბიშვილმა კამპანია "ნუ ყიდი საქართველოს 30 ვერცხლად" ფარგლებშიც მიიღო რამდენიმე ათეული პირისგან 30 თეთრი.

კომენტარები