რუსული მედია

Россия1-ზე ქერჩის კოლეჯზე თავდასხმის მოწმეს ესაუბრნენ, რომელიც სინამდვილეში დაიღუპა

რუსეთის სამთავრობო ტელევიზია Россия1-ზე გადაცემა "60 წუთი" ეთერში საგანგებოდ გავიდა. 

გადაცემა ქერჩის კოლეჯზე თავდასხმას ეხებოდა და ჟურნალისტები შემთხვევის თვითმხილველებს ესაუბრებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო კოლეჯის მეორე კურსის სტუდენტი ალინა კეროვა.

გადაცემის წამყვანმა ოლგა სკაბეევამ კეროვას მომხდარის დეტალებზე ჰკითხა.

გადაცემას მალევე მოჰყვა გოგონას ნათესავების უკმაყოფილება, რადგან გაირკვა, რომ გოგონა გარდაცლილების სიაში იყო. 

რუსულ ტელეკომპანია Дождь- ისთვის მიცემულ ინტერვიუში კეროვას თანაკურსელმა დაადასტურა, რომ გოგონა ტერაქტის დროს დაიღუპა და ის ხმა რომელიც პირდაპირ ეთერში ისმოდა და ჟურნალისტმა კეროვად გაასაღა, მისი მეგობრის ხმა არ არის. 

Дождь- დაუკავშირდა "60 წუთის" წამყვანს ოლგა სკაბეევს და ამ საკითხზე კომენტარი სთხოვა.

"მოდით მოგცემთ მის ნომერს და ყველა სხვა დანარჩენის ნომერს და თვითონ დაუკავშირდით"- ასე უპასუხა წამყვანმა და ტელევიზიის პრესსამსახურთან გადაამისამართა. პრესამსახურში კი თქვეს, რომ საქმეს გამოიკვლევენ და მოგვიანებით განცხადებასაც გაავრცელებენ. 

ოკუპირებულ ყირიმში ტექნიკურ კოლეჯში მომხდარი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 70ზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა და დაშავებულთა უმრავლესობა სტუდენტები არიან. ქერჩის სრუტესთან მდებარე ტექნიკურ კოლეჯში თავდასხმა 18 წლის ვლადისლავ როსლიაკოვმა მოაწყო.

რუსული გამოცემების ცნობით, თავდამსხმელის სამიზნე კოლეჯის დირექტორი იყო. თვითმხილველების ცნობით, როსლიაკოვი დირექტორს ეძებდა, თუმცა ის ვერ იპოვა და შემდეგ ცეცხლი გახსნა. 

 

კომენტარები