თეა წულუკიანი

წულუკიანი: არასამთავრობოებს შეუძლიათ, თავისუფლად გადაკვეთონ საქართველოს საზღვარი

თეა წულუკიანი
Reuters

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოში სამოქალაქო სექტორი ძალიან ძლიერია, ვინაიდან მათ შეუძლიათ აქტიურად იმუშაონ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, უფლება აქვთ, თავისუფლად გადაკვეთონ საქართველოს საზღვარი და დანიაში ჩავიდნენ, რათა იუსტიციის მინისტრის მისწვდნენ. 

თეა წულუკიანი, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კოპენჰაგენში, ანტიკორუფციულ კონფერენციაზე იმყოფებიან, რომელიც ყოველ წელს იმართება და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონფერენციაა. 

"ჩემთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, პასუხი გაგცეთ, რადგან ეს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს, არ ვუპასუხოთ მის კითხვებს ჩვენი ქვეყნის შიგნით. მადლობელი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა დანიაში მეძლევა. საქართველოში ძალიან მრავალფეროვანი სამოქალაქო სექტორია. ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება ორი საათშია შესაძლებელი ყოველგვარი ბარიერების გარეშე. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არსებობს ძალიან ნაყოფიერი ნიადაგი, რათა დაფუძნდნენ და გაიზარდონ, იმუშაონ და აქტიურები იყვნენ სოფლებში, პატარა თუ დიდ ქალაქებში. სამწუხაროდ ჩვენ ახლა ვხდებით მოწმეები, როდესაც ერთი კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია მთელი სამოქალაქო საზოგადოების სახელით საუბრობს. რისთვისაც მას ხშირად აკრიტიკებენ საკუთარი კოლეგები, მაგრამ ეს არ არის ხელისუფლების საქმე. არასამთავრობოების შიდა დაპირისპირებების განხილვის ადგილი აქ არ არის. 

ბატონი ონიანის აქ ყოფნა ადასტურებს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ძალიან ძლიერია. ისინი არა მხოლოდ ძლიერები და აქტიურები არიან ქვეყნის შიგნით, არამედ თავისუფლად შეუძლიათ გადაკვეთონ საქართველოს საზღვარი და დანიაშიც ჩამოვიდნენ, მისწვდნენ იუსტიციის მინისტრს", - თქვა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა კონფერენციაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს თავმჯდომარეზე, ეკა გიგაურზე ისაუბრა, რომელმაც, მისი თქმით, ხელი შეუწყო 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლას.  

"ახლა საქმის წარმოება გრძელდება სასამართლოში, სადაც იგი არის მოსარჩელე და უარს ამბობს სასამართლოში გამოცხადებაზე პასუხის გასაცემად... ამიტომაც არ მინდა, უფრო ღრმად შევიდე დისკუსიაში, რადგან საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ TI-ის უფროსი 2007 წელს, როცა მაღალჩინოსანი იყო, სავარაუდოდ, ხელს უწყობდა მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლას". 

იუსტიციის მინისტრმა ეს განცხადება საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი ონიანის კომენტარის პასუხად გააკეთა, რომელმაც კონფერენციაზე თქვა, რომ ორგანიზაცია "ღია მმართველობის" პროექტზე იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მუშაობს და რომ საქართველოში ღია მმართველობის პროცესი არ შედგა, კოორდინაციის და ასევე, კორუფციასთან ბრძოლის სურვილის ნაკლებობის გამო. 

მისივე თქმით, საქართველოში არის დემოკრატიის ხარისხის, ელიტური კორუფციის და ძალაუფლების კონცენტრაციის პრობლემა. 

კომენტარები