გირჩი

ზურა ჯაფარიძე და კიდევ ერთი ადამიანი კვლავ დაკავებულია, სხვები გაათავისუფლეს

მარი ნიკურაძე/OC Media

გირჩის კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე დაკავებული 11 ადამიანიდან 10 გაათავისუფლეს. კვლავ დაკავებულია ერთი ადამიანი და გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი ზურა ჯაფარიძე. 

სამართალდამცველებმა "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატი, ზურა ჯაფარიძე მაშინ დააკავეს, როდესაც მან დედა ენის ბაღში, "კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე" მისულებს მარიხუანა დაურიგა.

კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი, რომელიც სწორედ დედა ენის ბაღში უნდა გამართულიყო, არ შედგა, მას ხელი პოლიციამ შეუშალა. ჯაფარიძესთან ერთად დააკავეს 11 ადამიანი. 

შსს-მ გამოძიება გირჩის მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში მარიხუანას უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 13 ოქტომბერს დაიწყო, სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით.

(მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება.

მე-2 ნაწილი - მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება 

მე-8 ნაწილი - მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე). 

შსს აცხადებს, რომ "ამ გამოძიების ფარგლებში ზურაბ ჯაფარიძის მიმართ აუცილებელი გახდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც შეკრებილი ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით, ადგილზე შეუძლებელი იყო. ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას შესთავაზეს საგამოძიებო 
მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშრომლებს გაჰყვა ნებაყოფლობით". 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.

კომენტარები