გირჩი

შსს: ზურა ჯაფარიძე პოლიციას ნებაყოფლობით გაყვა, დაკავებულია 11 ადამიანი

მარი ნიკურაძე/OC Media

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გირჩის კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე, ამ ეტაპზე, 11 ადამიანია დაკავებული. 

ასევე, უწყების ცნობით, გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე მათ პოლიციაში ნებაყოფლობით გაყვა. 

"გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურა ჯაფარიძემ დედა ენის ბაღში "კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე" მისულებს კანაფი დაურიგა, რის შემდეგაც ის სამართალდამცეველებმა დააკავეს. 

შსს-მ გამოძიება გირჩის მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში მარიხუანას უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 13 ოქტომბერს დაიწყო, სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით.

(მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება.

მე-2 ნაწილი - მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება 

მე-8 ნაწილი - მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე). 

შსს აცხადებს, რომ "ამ გამოძიების ფარგლებში ზურაბ ჯაფარიძის მიმართ აუცილებელი გახდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც შეკრებილი ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით, ადგილზე შეუძლებელი იყო. ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას შესთავაზეს საგამოძიებო 
მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშრომლებს გაჰყვა ნებაყოფლობით.

ამ ეტაპზე მისი მონაწილეობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის ამ ეტაპზე დაკავებული 11 პირი". 

დედაენის ბაღში პოლიტიკურმა პარტია გირჩმა კანაფის ფესტივალის ჩატარება სცადა, თუმცა, დააკავეს როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი ზურა ჯაფარიძე, ასევე აქციის მონაწილეები.

კანაფის ფესტივალი გირჩმა რამდენიმე კვირის წინ დააანონსა. 13 ოქტომბერს კი შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომ ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყებაში განცხადებით, ეს არის დანაშაულის ორგანიზების განზრახვა, სამართალდარღვების ჩადენისკენ მოწოდება და მოქალაქეთა წახალისება კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას", - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. 

სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურა ჯაფარიძისა და გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელის საფუძველზე მიიღო. ჯაფარიძე და მეგრელიშვილი მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას ითხოვდნენ, მათ ინტერესებს გირჩის თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია იცავდა.

კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის აღწერის ტექსტში კი ეწერა, რომ "ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ესმით არც ხელისუფლებაში, არც ოპოზიციაში და არც საპატრიარქოში. ისინი გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში კანაფის ლეგალიზაცია არ მომხდარა, უბრალოდ მოგვეჩვენა. მეტიც, კამპანია აქვთ წამოწყებული და ქვეყნის კონსტიტუციური მოდელის ცვლილებას ითხოვენ, ოღონდ ჩვენ თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა არ მოგვცენ.

სასამართლომ თქვა, რომ კანაფის მოხმარება არის ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ნაწილი. ეს უფლება ჩვენთვის არავის მოუნიჭებია, ის გვაქვს ბუნებრივად, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები ვართ.

სასამართლო გადაწყვეტილების ვერგაგებამ ან მის შინაარსზე შეუთანხმებლობამ არ შეიძლება ჩვენს უფლებებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
ამით ირღვევა სასამართლო გადაწყვეტილება.

ჩვენ კი გვინდა ვნახოთ სასამართლოს გადაწყვეტილება რეალურ მოქმედებაში, ვფიქრობთ, სწორად გვესმის მისი შინაარსი და შეგვიძლია აღვასრულოთ კიდეც სამართლიანად.

აი, რას ვფიქრობთ გადაწყვეტილებაზე:

მივიჩნევთ, რომ კანაფის მოხმარების ლეგალურობა, სულ მცირე, ნიშნავს უფლებას, გაზარდო კანაფი და მოიხმარო ის (ან თუ მცენარეების მოვლა არ გიზიდავს და არც ამის პირობები გაქვს, შეიძინო ის სხვა ადამიანებისგან), ლეგალურად და ცივილურად, ისე, როგორც ამას აკეთებენ ადამიანები ნორმალურ ქვეყნებში.

სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ ამ ფესტივალზე - ერთმანეთს დავეხმაროთ კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში, როგორ და რა ფორმით, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და შევთანხმდეთ". 

კომენტარები