ვიზალიბერალიზაცია

საკონსულო: იტალიის საზღვრიდან ქართველები არაერთხელ გააბრუნეს, იქონიეთ ყველა საბუთი

ტრევის შადრევანი რომი
reuters

იტალიაში საქართველოს საკონსულოს განცხადებით, ბოლო პერიოდში არაერთხელ დაფიქსირდა იტალიის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების არშეშვების ფაქტი. მათ სასაზღვრო შემოწმებისას წესრიგში არ ჰქონდათ კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაცია. საკონსულო საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აპირებს იტალიის რესპუბლიკაში მოგზაურობას, მოუწოდებს, თან იქონიოს ყველა საჭირო საბუთი.

"იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლის პირობებში, არაერთხელ დაფიქსირდა იტალიის ტერიტორიაზე საქართველოს იმ მოქალაქეების არშემოშვების ფაქტი, რომლებსაც სასაზღვრო შემოწმებისას წესრიგში არ ჰქონდათ კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

იტალიაში საქართველოს საკონსულოს, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნის საკონსულო სამსახურებს, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ მესაზღვრის მიერ კანონიერად მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, ჩაერიოს მესაზღვრის კომპეტენციაში და შეცვალოს მისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის იტალიის ტერიტორიაზე შემოშვების მიზნით.

შევახსენებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აპირებს იტალიის რესპუბლიკაში მოგზაურობას, იქონიოს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი“, - აცხადებს საკონსულო.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. ვიზალიბერალიზაციით სარგებლობისთვის სავალდებულო დოკუმენტებია - ბიომეტრიული პასპორტი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ან ბინის ჯავშანი, ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტი - ნაღდი ფული, საბანკო ბარათი, დაფინანსების ცნობა, თუ სტუმრად მიდიხართ - მასპინძლის საგარანტიო წერილი, ასევე, სამოგზაურო დაზღვევა. საქმიან შეხვედრებში მონაწილეობის შემთხვევაში - მოწვევა.

კომენტარები