ტექნიკური ინსპექტირება

ტექნიკური ინსპექტირების 10 ცენტრი ტექდათვალიერების ყალბ მოწმობებს გასცემდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ყალბი ანგარიშების გაცემის ფაქტები გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, მათ ბოლო პერიოდში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყეს გამოძიება, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ტექნიკური ინსპექტირების დადებითი ანგარიშების კანონდარღვევით გაცემის ფაქტებზე. სულ საუბარია ტექნიკური დავალიერების 10 ცენტრზე.

"გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, გამოვლინდა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე, კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, ტექნიკური ინსპექტირების ზემოაღნიშნულ ცენტრებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები განახორციელეს. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები." - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები