გამწვანება

მერია: საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში თბილისში 10 000 ხე-მცენარე დაირგვება

თბილისის მერიის ცნობით, საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, დედაქალაქში 10 000 ხე-მცენარე დაირგვება. სეზონური გამწვანების ღონისძიებები დღეს იწყება და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. მერის მოადგილის მაია ბითაძის თქმით, ამ პერიოდში 97 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორიის გამწვანება იგეგმება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საკრებულოს მიერ დამტკიცებული ნერგების ნუსხა სპეციალისტებმა შეარჩიეს.

"ნუსხაში წარმოდგენილია დეკორატიული ბუჩქები და დიდი ზომის ხე-მცენარეები, მათ შორის, ფოტინია, წყავი, აკაცია, ღვია, ბზა, იფანი, ჰიმალაის კედარი, იაპონური სოფორა, იაპონური კვიდო, ნეკერჩხალი, ჩვეულებრივი უთხოვარი, დეკორატიული ტყემალი (წითელფოთოლა), ქვამუხა და ზეთისხილი" - აცხადებს მერია და აღნიშნავს, რომ ნერგები ქალაქის მასშტაბით წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე დაირგვება.

ეს ადგილებია:

  • სააკაძის მოედნის გზაგამყოფი კუნძულები;
  • მირიან მეფისა და ჯ. ბალანჩინის ქუჩებთან არსებული შუა გამყოფი ზოლი და მიმდებარე თარგები (გუდვილთან);
  • ჭავჭავაძის გამზირზე არსებული თარგები;
  • წყნეთის გზატკეცილსა და ჩოლოყაშვილის გამზირთან არსებული შუა გამყოფი ზოლი და მიმდებარე თარგები;
  • გმირთა მოედანზე არსებული გზაგამყოფი კუნძულები;
  • ჯავახეთის ქუჩა;
  • მარცხენა სანაპიროსა და აგლაძის ქუჩის კვეთაზე არსებული შუა გამყოფი ზოლი და მიმდებარე ტერიტორია;
  • ცაბაძისა და აკაკი წერეთლის ქუჩების კვეთაზე (დინამოს სტადიონის მიმდებარედ) არსებული კუნძული;  
  • ძმები ასათიანებისა და ბახტრიონის ქუჩის კვეთაზე არსებული  გზაგამყოფი კუნძულები;
  • თამარაშვილის ქუჩაზე არსებული შუა გამყოფი ზოლი;
  • პეკინის გამზირი (არქივის შენობის მიმდებარედ).

კომენტარები