გიორგი ჭელიძე

ფაშისტური მოძრაობის ლიდერს სასამართლოში 16 ადვოკატი იცავს

ფაშისტური მოძრაობის, "საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრს, გიორგი ჭელიძეს სასამართლოში 16 ადვოკატი იცავს. 

ადვოკატების თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ჭელიძის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

ადვოკატ გოჩა ტყეშელაშვილის თქმით: 

"ქართულ მართლმსაჯულებას არ ახსოვს, რომ ამდენი ადვოკატი იცავდეს ვინმეს. თუ საჭირო იქნება, დავრეკავ ასოციაციაში, პროფკავშირებში და კიდევ ბევრ ადვოკატს მოვიყვანთ. ეს იმიტომ, რომ გიორგი ჭელიძის დაკავებით საქართველოს ეროვნულობა საფრთხეშია. ამდენი ადვოკატი სააკაშვილის დასცავად არ მოვა”. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ჭელიძის მხარდამჭერი აქციაც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მისი გათავისუფლება მოითხოვეს. სხდომა კი, თავიდან დადგენილი დარბაზიდან, დამსწრეთა სიმრავლის გამო, დიდ დარბაზში გადაიტანეს. 

გიორგი ჭელიძეს ბრალი სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ფაშისტური მოძრაობის ლიდერი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1-ლ სექტემბერს დააკავეს. 

შსს-ის ცნობით: 

"მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა "საქართველოს ეროვნული ერთობის" გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები".  

კომენტარები