კალაძე: "ომეგას" ბიზნესი სააკაშვილმა გაანადგურა, დღეს ოქუაშვილი ქვეყნის მთავარ ჯალათს შეეკრა

ქართული ოცნების პრესსამსახური

"არ არსებობს ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლის არცერთი შემთხვევა და შესაბამისად ვერავინ წარმოადგეს ამგვარი ფაქტის ვერცერთ მტკიცებულებას" - ამის შესახებ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელის ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებსა და რუსთავი 2-ის ეთერში გავრცელებული ფარულ ჩანაწერების შესახებ განაცხადა. ცნობისთვის, ოქუაშვილმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დახმარების სანაცვლოდ მას ქრთამის სახით 4 მლნ მოსთხოვა. ასევე, ბიზნესმენის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ექსმინისტრი ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა და მას ემუქრებოდა.

"გადაბრალების პოლიტიკის ერთერთი თვალსაჩინო მაგალითია ტელეკომპანია იბერიის გამოგონილი საქმე, რომელიც რეალურად სიგარეტის მწარმოებელ ომეგა ჯგუფის მესვეურთა მიერ ინიცირებული და ნაციონალური მოძრაობის მიერ ატაცებული ბინძური კამპანიაა. ამ კამპანიის მიზანი ერთის მხრივ ბიუჯეტის 50 მილიონის ანუ ხალხის კუთვნილი ფული არ გადახდა და მეორეს მხრივ ხელისუფლების იმიჯის შელახვაა. საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ ომეგას ბიზნესი გაანადგურა სააკაშვილმა, მან ქვეყნიდან განდევნა მისი დამფუძნებელი და სწორედ მან წაართვა ტელევიზია. ეს ბიზნესი და ტელევიზია ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით დაუბრუნდა მფლობელს და დღეს ეს ადამიანი, რომელმაც 50-მილიონიანი დავალიანება დააგროვა ბიუჯეტის წინააღმდეგ, ქვეყნის მთავარ ჯალათს სააკაშვილს შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას, ფარად კი ამ საქმეში იყენებს ტელეკომპანია იბერიას" - განაცხადა კალაძემ.

ზაზა ოქუაშვილმა რუსთავი 2-თან საუბარში თქვა, რომ ქრთამის გადახდა მას თავდაპირველად ოთარ ფარცხალაძემ მოსთხოვა, რის შემდეგაც ოქუაშვილმა ლევან ყიფიანს სთხოვა, გაეგო, მოქმედებდა თუ არა ფარცხალაძე ივანიშვილის დავალებით. ოქუაშვილის ინფორმაციით, იმის ნაცვლად, რომ ყიფიანი პირდაპირ ივანიშვილთან მისულიყო, ის მაშინდელ პრემიერმინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან მივიდა და მას მოუყვა აღნიშნულის შესახებ. შემდგომში კი, როდესაც ივანიშვილმა ამის შესახებ კვირიკაშვილისგან შეიტყო, ოთარ ფარცხალაძის ხელით ყიფიანის დასჯა გადაწყვიტა.

ინტერვიუსთან ერთად, რუსთავი 2-ს ოქუაშვილმა მიაწოდა ფარული ჩანაწერი, სადაც ყიფიანი თავად იხსენებს სარდაფში მომხდარს, თუმცა მის დეტალებს არ ყვება.

ასევე მიმდინარეობს გამოძიება კიდევ რამდენიმე ფარული ჩანაწერის შესახებ. მათგან ერთერში ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს ქრთამის გადახდას ავალდებულებს და ახსენებს, რომ თანხის ნაწილი უჩა მამაცაშვილისთვის იქნებოდა განკუთვნილი.

კომენტარები