მუნ ჯე ინი: ჩრდილოეთ კორეა მთავარი სარაკეტო გამოსაცდელი ბაზის დახურვას დათანხმდა

მუნ ჯე ინი და კიმ ჩენ ინი
Reuters

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის თქმით ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ქვეყნის მთავარი სარაკეტო გამოსაცდელი ბაზის დახურვაზე დათანხმდა და ასევე თანახმაა ქვეყანაში შეუშვას დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესს დააკვირდებიან, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ აშშ სათანადო ნაბიჯებს გადადგამს. კონკრეტულად რა მოთხოვნები აქვს ჩრდილოეთ კორეას აშშ-სადმი არ დაკონკრეტებულა.

მისივე თქმით ფხენიანში გამართულ შეხვედრაზე ისინი ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის გზაზე შეთანხმდნენ.

კიმ ჩენ ინმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში სეულს ეწვევა და პირველი ჩრდილო კორეელი ლიდერი გახდება, ვინც სამხრეთ კორეის დედაქალაქში ჩავა. მან სამხრეთ კორეის პრეზიდენტისგან მიწვევა უკვე მიიღო.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ ორი ქვეყნის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობაზე და კორეის ომის შედეგად დაშორებული ოჯახის წევრების შეხვედრების ორგანიზებაზე.

ორი ქვეყანა 2032 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ერთობლივად მასპინძლობის სურვილსაც გამოთქვამს.

აშშ-ის პრეზიდენტი სამიტს გამოეხმაურა და საკუთარ Twitter-ზე დაწერა:

"კიმ ჩენ ინი დათანხმდა ექსპერტების დაშვებაზე, რაც საბოლოო მოლაპარაკებების საგანია, და საერთაშორისო ექსპერტების თანდასწრებით გამოსაცდელი ბაზის პერმანენტულად დახურვაზე. მანამდე სარაკეტო და ბირთვული გამოცდები აღარ ჩატარდება. გმირების ნეშტები აშშ-ში ბრუნდება. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას 2032 წლის ოლიმპიადის ერთობლივად მასპინძლობა სურთ. ძალიან ამაღელვებელია!"

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში სამდღიანი ვიზიტით გუშინ ჩავიდა. ბოლო ათწლეულის მანძილზე ეს მსგავსი ვიზიტის პირველი შემთხვევაა.

კომენტარები