ტაქსის ლიცენზია

კალაძე: გაიცა 2000-ზე მეტი ტაქსის ლიცენზია

თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ტაქსების რეგულაციების ამოქმედებიდან, პირველი აგვისტოდან დღემდე, 2000-ზე მეტი ლიცენზია გაიცა.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, პირველი ოქტომბრიდან ტაქსებს ლიცენზიის გარეშე მომსახურების გაწევა აეკრძალებათ, ყველა ულიცენზიო ავტომობილი კი 200 ლარით დაჯარიმდება.

თბილისის მერის თქმით, ასევე იგეგება ლიცენზირებული ტაქსების პარკირებისთვის სპეციალური ადგილები გამოყოფა. კალაძემ მის მოადგილეებს, ირაკლი ხმალაძესა და მაია ბითაძეს კონკრეტული ლოკაციების მოძიება დაავალა.

„მინდა შევეხო ტაქსების ლიცენზირების თემას. დღეისთვის, უკვე 2000-ზე მეტი
ნებართვაა გაცემული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მძღოლებს, რომ იაქტიურონ და
შესაბამისი ნებართვა დროულად აიღონ. ამასთან, მინდა ამ მომსახურების
მიმწოდებლებს დამატებით ვაცნობო, რომ ჩვენ ვგეგმავთ ქალაქში, ეკონომიკურად
აქტიურ ზონებში, გამოვყოთ სპეციალური ადგილები, სადაც ლიცენზირებულ ტაქსს
ექნება შესაძლებლობა, ავტომობილი ყოველგვარი გადასახადის გარეშე გააჩეროს.
მივმართავ ჩემს მოადგილეებს ირაკლი ხმალაძესა და მაია ბითაძეს, რაც შეიძლება
მალე, ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპის ამოქმედების დროისთვის, ქალაქში
კონკრეტული ლოკაციები შეირჩეს, სადაც ტაქსები ყოველგვარი საფასურის გარეშე
შეძლებენ პარკირებას. ეს ყველა ევროპულ ქვეყანაში ასეა და ამასთან დაკავშირებით,
ჩვენც იგივე მიდგომა უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სხვადასხვა გათვლებით, თბილისში ყოველდღიურად მინიმუმ 20,000 ტაქსი მოძრაობს. ეს ნიშნავს, რომ მერია ლიცენზიების მეშვეობით მინიმუმ 1 მილიონ ლარს მიიღებს.

ერთ მოსახლეზე ანგარიშით თბილისში ყოველ 56 მაცხოვრებელზე ერთი ტაქსი მოდის. ტაქსების ასეთი სიმრავლის მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული უმუშევრობის პრობლემაა, რის გამოც ავტომფლობელთა ნაწილი ოჯახის რჩენის მიზნით მგზავრების გადაყვანას იწყებს.

კომენტარები