მარიხუანა

გახარია: სამედიცინო მიზნით კულტივაცია ნარკოდანაშაულთან ბრძოლას არ ეწინააღმდეგება

საქართველოს პარლამენტი

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, ახალი კანონპროექტით გათვალისწინებულ, მარიხუანის მოხმარების მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევაზე ისაუბრა.

„ჩვენ აქ ვხედავთ შესაძლებლობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას დავუბრუნდეთ  მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში რეგულაციების ეფექტურობის ამაღლებასაც. ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის რა არის მთავარი?!- იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ და არც მოხმარების მომენტი, არც ეფექტური კონტროლის პირობებში, სამედიცინო მიზნით კულტივაცია არ ეწინააღმდეგება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას",- ამბობს გახარია.

მისი თქმით, სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაცია არ შექმნის დამატებით რისკებს მოხმარების წახალისებისთვის. 

"ჩვენ ვთვლით, რომ იმ შემთხვევაში თუ გვაქვს მკაცრი და ეფექტური რეგლამენტაციის საშუალება და კონტროლის საშუალება სამედიცინო მიზნით კანაფის, მცენარის კულტივაცია, არ შექმნის დამატებით რისკებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების წახალისებისთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ამ ეფექტური კონტროლის განხორციელებას შევძლებთ.“- თქვა მან. 

საქართველოს მთავრობა მარიხუანას საექსპორტო პოტენციალს სწავლობს. განიხილება მოდელი, რომელშიც საქართველოში მოიყვანენ და გადაამუშავებენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე გავა. 

შსს-ს ინფორმაციით, მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების, განსაკუთრებით მოზარდების, დასაცავად და სამედიცინო მიზნით, ექსპორტზე გასატანად კანაფის მოყვანა-წარმოების რეგულირებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მომზადდა. აღნიშნული კანონპროექტი მთავრობას დღეს წარედგინა, მისი სრული ტექსტი ჯერ არ გასაჯაროვებულა.

პრემიერმინისტრის მამუა ბახტაძის თქმით, ექსპორტზე გასატანად მარიხუანის კულტივირება მკაცრად იქნება რეგლამენტირებული. მისი თქმით, "მაქსიმალურად უნდა ავიცილოთ თავიდან ქაოტური და კანონსაწინააღმდეგო პროცესი". მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელიც მარიხუანის მოხმარების რეგულირებას და სამედიცინო მიზნით მარიხუანის წარმოებას და მის ექსპორტზე გატანას ეხება.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება აკრძალული იქნება ნებისმიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ასევე, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს. გამკაცრდება პასუხისმგებლობა მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაციისა და რეკლამირებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. დასაბუთებული განმარტება, თუ რატომ შეირჩა ასაკობრივ ცენზად 21 წელი 18 წლის ნაცვლად მთავრობას ჯერ არ წარუდგენია.

კომენტარები