აივ/შიდსი

შიდსის ცენტრი: ბოლო 23 დღეში აივ-ით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

2018 წლის 12 სექტემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 7220 აივ ინფიცირებული პირი.

20 აგვისტოსთვის ამავე ცენტრში 25-ით ნაკლები ადამიანი იყო რეგისტრირებული.

შიდსის ცენტრის ცნობით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულთაგან 5401 - მამაკაცია, 1819 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა.

შიდსი განუვითარდა 3786 პაციენტს.

1477 პაციენტი გარდაიცვალა.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

  • ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია - 40.6 %
  • დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად - 45.9 % 
  • მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან - 10.9 %
  • დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით - 1.4 %
  • სისხლის რეციპიენტია - 0.5 %
  • გადაცემის გზა დაუდგენელია - 0.7 %

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია რეგისტრირებული - 2630, მათ შორის 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2 - დაუდგენელი.

  • სამეგრელო - 919 (ზუგდიდი - 605)
  • იმერეთი - 898 (ქუთაისი - 436)
  • აჭარა - 814 (ბათუმი - 512)
  • აფხაზეთი - 455 
  • კახეთი - 350 
  • ქვემო ქართლი - 375
  • შიდა ქართლი - 271
  • გურია - 153
  • ფოთი - 110
  • სამცხე-ჯავახეთი - 100

შიდსის ცენტრის განცხადებით, ახალი შემთხვევების გამოვლენის ტენდენცია სტაბილურად იზრდება. 

რა არის აივ/შიდსი

აივ, იგივე ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსი. შიდსი - შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი - ეს არის ვირუსი, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს, როდესაც 1980 წლებში აშშ-ში გავრცელდა. ამ ქვეყანაში ის, სავარაუდოდ, აფრიკიდან გავრცელდა, საიდანაც სამედიცინო მიზნებისთვის სისხლის იმპორტი ხდებოდა. სისხლის ნაწილი, სავრაუდოდ, აივ/შიდსით-ით იყო ინფიცირებული. 

ვირუსით დაინფიცირებიდან 2-4 კვირის განმავლობაში, გრიპის მსგავსი სიმპტომებით ვითარდება. ამას ე.წ ფანჯრის პერიოდი ეწოდება და თუ ადამიანი ანალიზს დაინფიცირებიდან 2-4 კვირის შუალედში გაიკეთებს, შესაძლოა აივ-ზე უარყოფითი პასუხიც მიიღოს, ამიტომ, შესაბამის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ანალიზის ხელახლა გაკეთება აუცილებელია. 

მას შემდეგ, რაც აივ ინფექცია ორგანიზმში მოხვდება, მთავარი სამიზნე CD4, ე.წ იმუნიტეტის უჯრედები ხდება. აივ ვირუსის უჯრედები სწორედ იმუნიტეტის უჯრედებს აზიანებს, რაც საბოლოოდ მათ კვდომას იწვევს. ამას კი, ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემა დასუსტებამდე მიჰყავს. 

სისხლში CD4-ის რაოდენობა 600-დან 1200 ერთეულამდე მერყეობს, აივ-ის "შეტევის"შედეგად კი მათი რაოდენობა მცირდება. როდესაც იმუნიტეტის უჯრედები 500-ს ჩამოსცდება, რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება, რომელიც საქართველოში უფასოა. 

იმ შემთხვევაში კი, თუ ამ უჯრედების რაოდენობა 200-ზე ნაკლები გახდა, ვითარდება შიდსი, რომელიც განკურნებას არ ექვემდებარება. 90-იან წლებში, შიდსის ეტაპზე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა 18 თვემდე მერყეობდა, ახლა კი, მკურნალობის დახმარებით, შიდსის ეტაპზე მყოფი ადამიანების სიცოცხლე ათწლეულებიც შეიძლება გაგრძელდეს.  

აივ-ით ინფიცირების რისკის მაღალ ჯგუფს მიეკუთვნებიან: 
 

  • მამაკაცები რომელთაც აქვთ სექსი მამაკაცებთან (მსმ)
  • ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლები
  • სექს მუშაკები
     

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გადაცემა ხდება სისხლით, სპერმით, ვაგინალური სეკრეტითა და დედის რძით.

გადაცემას ასევე იწვევს შიდსით დაავადებულთან დაუცველი (კონდომების გამოყენების გარეშე) სქესობრივი კავშირი და კონტაქტი სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებულ პარტნიორთან, რაც ინფექციის გადაცემის რისკს ზრდის. ასევე, რისკ ფაქტორია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისას დაბინძურებული შპრიცების გამოყენება. 

აივ ინფექციის გადაცემა შეიძლება მოხდეს:

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს
  • შიდსით დაავადებული დედიდან  შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს
  • დაბინძურებული ნემსების ან სხვა ბასრი საგნების ჩხვლეტისას  (რისკ-ჯგუფს  სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს)
  • ჰემოტრანსფუზიის დროს (ინფიცირებული სისხლის ან მისი პროდუქტების გადასხმისას)
  • ტრანსპლანტაციის დროს (ორგანოების ან ქსოვილების გადანერგვისას)

ვირუსი არ გადაეცემა: 
 

  • წყლით
  • ჰაერით
  • მწერებით
  • ნერწყვით, ოფლით ან ცრემლით.
  • ხელის ჩამორთმევით
  • საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით
  • კოცნით
  • საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობისას

კომენტარები