ნეოფაშისტური დაჯგუფება

ფაშისტური მოძრაობის ლიდერის დაკავების შემდეგ, მათი Facebook გვერდი წაშლილია

www.facebook.com/გიორგი-ჭელიძე-Page

მას შემდეგ, რაც ფაშისტური მოძრაობის ლიდერი, გიორგი ჭელიძე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, მათი ფეისბუქ გვერდი წაიშალა. სწორედ ამ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომლის გამოც დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება.

თუმცა, ამ დრომდე ხელმისაწვდომია თავად ჭელიძის გვერდი, სადაც ვიდეოს ნაწილი ასევე არის ატვირთული.

27 აგვისტოს ფაშისტური დაჯგუფების ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა ვიდეო სახელწოდებით "ფაშისტური კვირადღე", სადაც იარაღიდან ისვრიან. ვიდეოს აღწერაში მითითებულია, რომ "ქართველი მამრი კვირაში მინიმუმ ერთ დღეს უნდა უთმობდეს სპორტულ და საბრძოლო მომზადებას". დაჯგუფება წერს, რომ "შავპერანგიანები" ყოველ კვირას რეგულარულად ვარჯიშობენ ბუნების წიაღში.

სწორედ ამ ვიდეოს გამო დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ და შედეგად, ფაშისტური დაჯგუფების ლიდერი ცეცლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

"მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა "საქართველოს ეროვნული ერთობის" გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები