გურამ კაშია

UEFA-მ გურამ კაშიას თანასწორობის ჯილდო გადასცა

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ უეფას #EQUALGAME-ის ჯილდო მიიღო. UEFA-მ მას ეს ჯილდო LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის გადასცა.

9 სექტემბერს თბილისში საფეხბურთო მატჩი გაიმართება, საქართველო ლატვიის ნაკრებს უმასპინძლებს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა 24 აგვისტოს ფეისბუქის გვერდი წაშალა და ინსტაგრამის პროფილი დახურა. მიზეზი ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების აგრესიაა. 

გუშინ კი მან ინსტაგრამის სთორიში დაწერა, რომ ის არ ნანობს ლგბტ ადამიანების მხარდაჭერას და რომ თუ თუნდაც ერთი გულშემატკივარი ეყოლება, საქართველოს ნაკრებში გამოცხადდება.

გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, კაშია მხარდაჭერით გაამხნევონ და ინსტაგრამის სთორიში აქვეყნებენ მის ფოტოს წარწერით - გურამ, შენთან ვართ. #გურამშენთანვართ.

ჰომოფობიურად​​ განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი კაშია მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, "ვიტესის" რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. თუმცა, კაშიამ მაშინვე თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა.

კომენტარები