აშშ

ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს

პოლ მანაფორტი
Reuters

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლ მანაფორტი გადასახადებისათვის თავის არიდებაში, უცხოურ ბანკებში ანგარიშების დამალვაში და თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს.

მანაფორტს კიდევ 10 მუხლით ჰქონდა ბრალი წაყენებული, თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

გამოძიება მანაფორტს ფულის გათეთრების, საიდუმლო უცხოური ლობირების და უკრაინის ყოფილი პრო-რუსული მთავრობის დაურეგისტრირებელი აგენტობისთვისაც ედავებოდა. 

მანაფორტისათვის წაყენებული ბრალი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას არ უკავშირდება და ძირითადად მის ტრამპის კამპანიამდე მოღვაწეობას შეეხება.

პოლ მანაფორტი 40 წელზე მეტია პოლიტიკური ლობიზმითაა დაკავებული. მანაფორტი კარიერის განმავლობაში იყო ისეთი პოლიტიკური ლიდერების ლობისტი როგორიცაა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, ფილიპინების დიქტატორი ფერდინანდ მარკოსი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი დიქტატორი მობუტუ სესე სეკო, ანგოლას სამხედრო გადატრიალების ლიდერი ჯონას სავიმბი და სხვები. როგორც ირკვევა, მანაფორტის კომპანიის ლობიზმით საქართველოდან გაქცეული იგორ გიორგაძეც სარგებლობდა.

დონალდ ტრამპმა მანაფორტისათვის ბრალის დამტკიცებას "კუდიანებზე ბრძოლის" ნაწილი უწოდა.

ვერდიქტის გამოცხადება ტრამპის ყოფილი ადვოკატის, მაიკლ კოენის მიერ საპრეზიდენტო კამპანიის დროს ფინანსური დარღვევების და საგადასახადო და საბანკო თაღლითობების აღიარებას დაემთხვა.

კომენტარები