პრეზიდენტობის კანდიდატი

კობახიძე: აგვისტოს ომზე ზურაბიშვილის ბოლო ინტერპრეტაცია, ჩვენთვის მისაღებია

იმედი

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდტს  "ქართული ოცნება" მხარს იმის მიხედვით დაუჭერს, თუ როგორი წარსული სულისკვეთება, გამოცდილება ექნება კონკრეტულ კანდიდატს და რამდენად იქნება თანხვედრაში მისი ხედვები პარტიის ხედვებთან.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებების შინაარსი იქნება.

დაუჭერს თუ არა მხარს მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს, კობახიძე ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილების მისაღებად 3 კვირა რჩება. მისი თქმით, ზურაბიშვილის ბოლო ინტერპრეტაცია აგვისტოს ომის დაწესებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიისთვის მისაღებია. 

"ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა კომენტარი ქალბატონი სალომეს მხრიდან. არ მინდა, შევიდე სიღრმეში, რადგან ეს გამოვა ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის გამონათქვამების შეფასება. იყო პირველი განცხადება, რომელიც იძლეოდა ინტერპრეტირების საშუალებას სხვა მიმართულებით, ამის შემდეგ იყო სხვა გამოსვლები, სადაც სხვა კონკრეტული ინტერპრეტაციები მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. ვფიქრობ, ეს ბოლო ინტერპრეტაცია იყო ჩვენთვის მისაღები, რადგან ზუსტად ასახავდა პროცესების იმ განვითარებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს, თუმცა არ ჩავუღრმავდებოდი ამ თემას, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა. ყველა კანდიდატს შეუძლია თავისი მოსაზრებები გამოთქვას, ჩვენ გვაქვს პრინციპები და საბოლოოდ როცა მივიღებთ გადაწყვეტილებას კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მთავრი კრიტერიუმი იქნება ის, თუ რამდენად არის მათი გამონათქვამები და პოზიცია თანხვედრაში ჩვენს პოზიციასთან",- ამბობს ირაკლი კობახიძე.

პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში დამნაშავე საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებაა, რადგან "საკუთარი მოსახლეობა დაბომბა და პროვოკაციას აჰყვა".

“ჯერ ერთი, უნდა ვიყოთ ტერმინებში სწორი. მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში. საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ცნობილი და ყველასთვის ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ",- თქვა ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისას.

ზურაბიშვილის ბოლო განცხადებას რაც შეეხება, მან ფეისბუქზე დაწერა, რომ აგრესორი ერთმნიშვნელოვნად რუსეთი იყო, მაგრამ, მისივე აზრით, რუსული სცენარის განხორციელებაში წვლილი სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ შეიტანა.

"1. კითხვაზე, თუ ვინ იყო აგრესორი 2008 წელს, პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი: რუსეთი.
 2. კითხვაზე შეიტანეს თუ არა წვლილი რუსული სცენარის განხორციელებაში სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ პასუხი არის ასევე ერთმნიშვნელოვანი: დიახ.

მეტიც სააკაშვილის და მისი გარემოცვის უგუნურობა და მოღალატეობრივი ქცევა იყო პუტინის სცენარის განხორციელების აუცილებელი წინაპირობა. იმის მაგივრად, რომ რუსულ პროვოკაციებზე სააკაშვილს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფით და საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების გამახვილებით ეპასუხა, მან რუსეთის სამხედრო პროვოკაციებს სამხედრო პასუხი გასცა, რაც რუსეთის მიერ გამოყენებულ იქნა საბაბად საქართველოს წინააღმდეგ ომის დასაწყებად",- დაწერა ზურაბიშვილმა.

კომენტარები