დისკრიმინაცია ჯანმრთელობის ნიშნით

ომბუდსმენი: ჯორჯიან ეარვეისმა შშმ პირს ეტლით სარგებლობაზე უარი უთხრა

ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის განცხადების თანახმად, 2018 წლის 6 აგვისტოს, სახალხო დამცველმა შპს "ჯორჯიან ეარვეისს" რეკომენდაციით მიმართა, რომელმაც შეზღუდული გადაადგილების შესაძლებლობის მქონე პირი ეტლით არ უზრუნველყო.

კომპანიის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, ეტლის სარგებლობისთვის საჭირო იყო 72 საათით ადრე წინასწარი გაფრთხილება. მოქალაქის გამგზავრება კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე უფრო მცირე დროით ადრე დაიგეგმა. 

სახალხო დამცველის ოფისის თქმით, აეროპორტში რეგისტრაციის გავლისას მოქალაქემ კომპანიისგან ეტლით სარგებლობაზე უარი მიიღო, ერთ-ერთმა თანამშრომელმა კი მას 104 ევროს გადახდა მოსთხოვა. ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე ამ საფასურის შესახებ არაფერი წერია. განცხადების თანახმად, შშმ პირი იძულები გახდა ფეხით გადაადგილებულიყო, რამაც მისი ფეხიდან სისხლდენა გამოიწვია.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოქალაქემ, იმ პირებისგან განსხავებით, ვისაც სპეციალური საჭიროების შესახებ 72 საათით ადრე ავიაკომპანიის გაფრთხილების შესაძლებლობა ჰქონდათ, ვერ ისარგებლა მისთვის განკუთვნილი მომსახურებით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. დამატებითი ხარჯების მოთხოვნა კი მისი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენების საფუძველი გახდა.

კომენტარები