უზენაესო სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევა

ნაცვლიშვილი: წულუკიანი ცდილობს, უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცესი შეაფერხოს

პრეზიდენტის პრესსამსახური

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ცდილობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის ფართო და გამჭვირვალე პროცესი შეაფერხოს. 

თეა წულუკიანმა გუშინ თქვა, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავადაც უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომაზე, ვინაიდან გვენეტაძის კანდიდატურა მის მიერ არის შერჩეული. იუსტიციის მინისტრმა მოუწოდა მარგველაშვილს, შეაფასოს, იყო თუ არა სწორი ნინო გვენეტაძის წარდგენა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. 

„ეს კომენტარი, რომელიც გუშინ გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, ნათელია, რომ მიზნად ისახავს ერთ რამეს: გადაიტანოს აქცენტი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესიდან სხვა საკითხებზე და ამგვარად შეაფერხოს ინკლუზიური, ფართო და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ კანდიდატურის შერჩევის მიზნით. ჩვენ მას ამ პოლემიკაში არ შევყვებით, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ პოლემიკურ რეჟიმში გაგრძელდეს საუბარი. ჩვენ ახლა გვაქვს სახელმწიფოებრივი ამოცანა და მთელი ჩვენი დრო, ენერგია და რესურსი იქნება მიმართული იმისკენ, რომ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმე ჯეროვნად შევასრულოთ. მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა სხვა სახელმწიფო უწყება გაიაზრებს დაკისრებულ პასუხისმგებლობას, შექმნილ მძიმე ვითარებას და იმოქმედებს სახელმწიფოებრივად",- თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. ნაცვლიშვილმა ეს კომენტარი სწორედ ამ შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. 

2 აგვისტოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის აუცილებლობა დაასახელა. 

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით ირჩევს. 

თუმცა, არსებობს მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი, რომელსაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობაც აქვს, საპრეზიდენტო არჩევნებს დაელოდება და უზენაესის თავმჯდომარეს შემდეგ აირჩევს, ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის. 

მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავარი დოკუმენტის განახლებული ვარიანტი ძალაში შევა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტი არა პრეზიდენტის, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით აირჩევს. 

კომენტარები