ლირა

ლირა ყველა დროის მინიმუმზე დაეცა - გაუფასურება დაიწყო ლარმაც

თურქული ლირა
reuters

თურქული ლირა ახალ ისტორიულ მინიმუმზე დაეცა - ერთი დოლარი 5.95 თურქული ლირა ღირს, რაც ორშაბათს არსებულ კურსს 20%-ით აღემატება. ასეთი მკვეთრი გაუფასურების ფონზე, შედარებით დაბალი ტემპით გაუფასურება დაიწყო რუსულმა რუბლმა, 10 აგვისტოს ვაჭრობის მონაცემებით, გაუფასურებას იწყებს ლარიც. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარის კურსი გაიხსნა 2.47-ზე ახლა ერთი დოლარის ღირებულებამ 2.54-ს გადააჭარბა.

ლირას გაუფასურება აშშ-ის მიერ სავაჭრო ბარიერების დაწესებას უკავშირდება. დონალდ ტრამპის მიერ ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე 25% და 10%-იანი ტარიფების შემოღების შედეგად, თურქული ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე გაძვირდა. თურქეთის მთავრობამ საპასუხოდ ამერიკულ იმპორტზე გაზარდა ტარიფები, ერდოღანის მთავრობის სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა მიზეზი რაც აშშ-ის ადმინისტრაციას თურქეთთან მიმართებით დამატებითი ტარიფების შემოღებისკენ უბიძგებს. ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი $1.7 მილიარდი დოლარის ღირებულების თურქულ პროდუქციას დაადებენ ტარიფს. 

ანკარასა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის მიზეზი მხოლოდ ეს არაა, აშშ თურქეთში დაკავებული პასტორის, ენდრიუ ბრონსონის გათავისუფლებასაც ითხოვს. დონალდ ტრამპის შეფასებით, ბრანსონი უკანონი პატიმარია. ტრამპის ადმინისტრაციამ ინდივიდუალური სანქციები დაუწესა თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს. ამერიკელ პასტორს ენდრიუ ბრანსონს თურქეთი ტერორიზმის და გიულენის მოძრაობასან კავშირის ბრალდებით ასამართლებს. 21 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა. ბრანსონი თურქეთში 20 წელის მანძილზე მოღვაწეობდა. ის ბრალდებებს უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 35 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მკვეთრი ვარდნის შესახებ კომენტარი გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, "არ დაგავიწყდეთ, რომ თუ მათ აქვთ დოლარები, ჩვენ გვყავს ალაჰი. შეხედეთ სად ვიყავით 16 წლის წინ და სად ვართ ახლა" ერდოღანი ლირას ვარდნის ფონზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ეწინააღმდეგება. მას სურს, რომ საპროცენტო განაკვეთები დაბალ ნიშნულზე დარჩეს, რათა ამით ეკონომიკური ზრდა წახალისდეს. თუმცა, აღნიშნული მიმართულება დიდ რისკებს შეიცავს, რაც მომავალში გაზრდილ ინფლაციაში შეიძლება აისახოს. 

ამერიკასთან ურთიერთობის დაძაბვა ლირას გაუფასურების მთავარი მიზეზია. თურქული ვალუტა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობისა და საგადასახდელო ბალანსის მაღალი დეფიციტის გამო ისედაც მკვეთრი ტემპებით უფასურდებოდა. მხოლოდ 2018 წელს ლირამ ღირებულების ერთი მესამედი დაკარგა. 

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და რეგიონის ერთერთი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, შესაბამისად ლირას გაუფასურება რეგიონის ქვეყნებისთვისაც ნეგატიური სიგნალის მატარებელია. თუ შევხედავთ 1995 წლიდან დღემდე თურქული ლირისა და ლარის გაცვლით კურსებს, ვნახავთ რომ ლარის და ლირას კურსებს შორის დადებითი კორელაცია არსებობს, თუმცა 2018 წელს ლირას მკვეთრი გაუფასურება ლარზე არ გადმოსულა. 

კომენტარები