რუსეთი

რუსეთში 30-მდე ლგბტ აქტივისტი მშვიდობიანი აქციის ჩატარებისთვის დააკავეს

tvrain.ru

რუსეთში, ქალაქ სანკტ-პეტერბურგში დაახლოებით 30 ლგბტ აქტივისტი აქციის "შენ შეძლებ" ჩატარების გამო დააკავეს.

ტელეკომპანია "დოჟდის" ინფორმაციით, აქცია ქალაქის ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო.

დაკავებულებს შორის არის აქციის ორი ორგანიზატორიც - იური გავრიკოვი და ალექსეი ნაზაროვი. "დოჟდის" ინფორმაციით, ნაზაროვმა მოედანზე ლგბტ დროშა გაშალა, რის შემდეგაც ის დააკავეს.

სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, მოედანზე სულ 60-მდე ადამიანი იმყოფებოდა. იმის გამო, რომ ქალაქის ხელისუფლებამ მათ აქციის ჩატარების უფლება არ მისცა, ლგბტ აქტივისტები ტერიტორიაზე ცალ-ცალკე განთავსდნენ. თუმცა, პოლიციის წარმომადგენლებმა ეს მაინც მასობრივ ღონისძიებად შეაფასეს და აქტივისტები აქციის დაწყებიდან დაახლოებით 5 წუთში დააკავეს.

"Эхо Москвы" წერს, რომ აქციის მონაწილეებს პლაკატები ხელიდან რუსეთის "ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის" წევრებმა გამოგლიჯეს, თუმცა ამისთვის პოლიციას ყურადღება არ მიუქცევია.

ძალოვანებმა ჯამში 30-მდე ადამიანი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, მათი ნაწილი უკვე გაათავისუფლეს, თუმცა დიდი ნაწილი კვლავ პოლიციის განყოფილებებში რჩება. აღსანიშნავია, რომ დაკავების შემდეგ ორი აქტივისტი რამდენიმე საათის განმავლობაში დაკეტილ ავტობუსში ჰყავდათ გაჩერებული, რომლებმაც სიცხის გამო სასწრაფო დახმარებას მიმართეს.

"Эхо Москвы"-ს ინფორმაციით, ამ აქციამდე ორგანიზატორებმა ქალაქის მთავრობას ნებართვისთვის 9-ჯერ მიმართეს და მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის 9 სხვადასხვა ადგილი და დრო შესთავაზეს. თუმცა ხელისუფლებამ მათ ყველა მიმართვაზე უარით უპასუხა და ამის მიზეზად სარემონტო სამუშაოები დაასახელა. ლგბტ აქტივისტებმა ეს გადაწყვეტილებები სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც მიიჩნია, რომ ხელისუფლების უარი კანონიერი იყო. ხელისუფლების წარმომადგენელმა კი სხდომაზე განაცხადა, რომ აქციის ჩატარებაზე აქტივისტები ნებართვას ვერც მომავალში მიიღებენ, რადგან ის არღვევს არასრულწლოვანთა შორის  "გეი პროპაგანდის" აკრძალვის შესახებ კანონს.

სანკტ-პეტერბურგში ლგბტ აქტივისტები მშვიდობიანი აქციის ჩატარებას მერვე წელია ცდილობენ, თუმცა ნებართვა მხოლოდ ერთხელ მიიღეს და მაშინაც აქცია ჰომოფობიურად განწყობილმა ადამიანებმა ჩაშალეს. 

კომენტარები