გახარია და შოთაძე კომისიის სხდომაზე

ხორავას ქუჩის საქმის რა დეტალები არ იცოდნენ გახარიამ და შოთაძემ "ბოლო პერიოდამდე"

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და შს მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ. როგორც სხდომის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი, როგორც შოთაძემ ისე გახარიამ, საქმის კონკრეტული მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ინფორმაცია, ბოლო პერიოდში, სასამართლოს გადაწყვეტილებისა და კომისიის მუშაობის დაწყების შემდეგ, მიიღეს. კითხვებს იმის შესახებ, თუ რა ინფორმაციას ფლობდნენ ისინი საქმის შესახებ გამოძიების მიმდინარეობისას, ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე უსვამდა. 

კახიძე: ხორავას 26 ეს არის ეზო სადაც გაირეცხა სისხლიანი დანა, სადაც გაირეცხა სისხლიანი ტანსაცმელი, ჩამოიბანეს სისხლიანი სახე საქმის სხვადასხვა ფიგურანტებმა, სადაც ისაუბრეს მომხდარის შესახებ, ეს ეზო არ დათვალიერდა, ამ ეზოში მცხოვრებთაგან არავინ დაუკითხავთ და არ ჩატარებულა საგამოძიებო ექსპერიმენტი. იცით თუ არა ამის თაობაზე?

გახარია: დიახ, დღეს ვიცი

კახიძე: ჩვენ საქმის მასალები შევისწავლეთ, გამოძიების მიმდინარეობისას ეს მოქმედებები არ განხორციელებულა, თქვენს დაქვემდებარებაში მყოფმა პირებმა, როგორც პოლიციის ასევე პროკურატურის, ეს მოქმედებები არ განახორციელეს და ჩვენ გვაინტერესებს თქვენ იყავით თუ ამის საქმის კურსში?

შოთაძე: თანამდებობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩემთვის შემდგომ გახდა ცნობილი.

კახიძე: როდის გახდა ცნობილი?

შოთაძე: საჭიროებაზე და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ცალკე სასაუბრო არის, რატომ და როგორ ეს არის აქ უფრო მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია შედეგები, რაც შეეხება კონკრეტულად ამ ფაქტს, ბოლო პერიოდში გახდა ეს ჩემთვის ცნობილი, ზუსტად ვერ ვიხსენებ.

კახიძე: კომისიის მუშაობის დაწყების შემდეგ?

შოთაძე: ზუსტად ვერ ვიხსენებ, ბოლო პერიოდში გახდა ეს ჩემთვის ცნობილი.

კახიძე: სასამართლოს გადაწყვეტილების და კომისიის მუშაობის დაწყების შემდგომ გახდა ცნობილი?

შოთაძე: დიახ, შემდგომ გახდა ცნობილი

კახიძე: სხვა ფიგურანტებისგან განსხვავებით. მაგალითად გ.მ. გ.ბ. ა.დ. არ მომხდარა მ.კ-ს ფარული ჩაწერა. გაქვთ ინფორმაცია ამაზე?

შოთაძე: ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი ესეც

კახიძე: ბატონო გიორგი თქვენ თუ იცით რომ მ.კ.-ს ფარული ჩაწერა არ მომხდარა?

გახარია: დღეის მდგომარეობით, ვიცი

კახიძე: ერთ-ერთი მოწმე რომელიც იყო ფარდულში ამბობს რომ დაინახა მ.კ.-მ ჯიბეში როგორ ჩაიყო ხელი. გაქვთ თუ არა ეს ინფორმაცია, რომ საქმეში არის ეს ჩვენება?

შოთაძე: არ არის ჩემთვის ეს ცნობილი

კახიძე: ამ მოწმისთვის ამ გარემოებაზე არანაირი კითხვა არ დაუსვამთ როცა მას ჩვენება ჩამოართვეს. იცით თუ არა ეს?

შოთაძე: არ ვარ ამის საქმის კურსში

კახიძე: მოწმე ამბობს, რომ პროკურორ ფხაკაძესთან შეხვედრისას, ფხაკაძემ უთხრა, რომ ეს გარემოება არ იყო საქმისთვის მნიშვნელოვანი. გაქვთ თუ არა ეს ინფორმაცია?

შოთაძე: არ მაქვს ეს ინფორმაცია, ეს მოწმე ბრალდებულია ცრუ ჩვენებისთვის, ძალიან ცალსახაა ამ ორ პიროვნებას შორის სანდოობა. ერთი ერთს ამბობს, არ ვიცი ზვიადი რას ამბობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ასე არ იქნებოდა.

კახიძე: მიმდინარეობს ახალი გამოყოფილი საქმე, იცით თუ არა, რომ ის 14 პირი, რომლებიც ახალი გამოძიების პირობებში არიან დაკითხული, კომისიის შექმნამდე არცერთი მათგანი არ დაუკითხავთ. ესენი არიან პირები, რომლებიც მ.კ.-ს ირგვლივ იძლევიან გარკვეულ ინფორმაციას. იცით თუ არა, რომ ეს პირები კომისიის შექმნამდე არ დაუკითხავთ?

გახარია: ზოგიერთი პირი გამოკითხული იყო პოლიციის კანონის შესაბამისად და დღესდღეობით კი ვიცი.

კახიძე: გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ ბატონ ზვიად ფხაკაძემ, გამოძიების ვერსიის საწინააღმდეგოდ გაიზიარა პოტენციური ეჭვმიტანილის მ.კს ჩვენება და იგი დააყენა 8-9 მეტრში ფარდულიდან, ნაცვლად 1-2 მეტრისა, როგორც ეს იყო გამოძიების ვერსიაში. იცით თუ არა ეს?

შოთაძე: მე ამ დეტალებზე საქმის კურსში არ ვარ. გამომძიებელი ინფორმირებულია გამოძიების ეტაპზე არსებული მტკიცებულებების თაობაზე, პროკურორი არის ინფორმირებული, როგორც გამოძიების ეტაპზე არსებული მტკიცებულებების, ასევე სასამართლო გამოძიების ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს გამომძიებლისა და პროკურორის ვერსიებს შორის, თუმცა ეს ვერსია არ არის ეს არის კონკრეტული გარემოება. რაზე უნდა ვყოფილიყავი საქმის კურსში გაუგებარია.

გახარია: დღეს ვიცი. გამოძიების ეტაპზე ჩვენ გვქონდა გამოძიების მიერ შეკრებილი ინფორმაცია, შემდეგ გაგრძელდა სასამართლოში და იქ ახალი ფაქტორები გამოვლინდა, შემდეგ გაგრძელდა საპარლამენტო კომისიაში და ეს ინფორმაცია გროვდება. დღეს ვიცი.

კახიძე: 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით ეს ინფორმაცია თქვენთვის ცნობილი არ იყო?

გახარია: 2017 წლის დეკემბერში ეს ინფორმაცია არავინ იცოდა, სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.

------------------------------

საქმის მიმდინარეობა და დეტალები

8 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვანთა დაპირისპირებისას ორი მოზარდი მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე გ.ბ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე გ.ჯ - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს. მათგან პატიმრობა სამ ადამიანს შეუფარდეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი თენგიზ კალანდია იყო.

31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გ.ბ დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ამის შემდეგ, თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც დაღუპული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე იყო. მისი თქმით, დავით სარალიძის მკვლელები დასჯილები არ არიან. ის დანაშაულის დაფარვაში ბრალს თენგიზ კალანდიას და პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს მირზა სუბელიანს სდებდა.

აქციების შემდეგ, გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ხოლო საქმე პროკურატურისგან კლავ შსს-მ გადაიბარა. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს მირზა სუბელიანი, ხოლო მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით - მერაბ მორჩაძე. ამ უკანასკნელს გამოძიება მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავება. შსს-ს მტკიცებით, მან მოსთხოვა კალანდიას, რომ გ.ჯ-ს წინააღმდეგ ჩვენება შეეცვალა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ კალანდიას ბრალი წარუდგინეს დანაშაულის დაფარვისთვის, ხოლო რამდენიმე დღის წინ, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დ.ღ დააკავეს.

საგამოძიებო კომისია

2018 წლის 6 ივნისს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობაა. კომისიამ უკვე გამოკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები, ექსპერტები, არასრულწლოვნები, ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი პირი - გ.მ დაიჭრა. როგორც 25 ივნისის სხდომაზე ევროპული საქართველოს დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ თქვა, დაპირისპირების ერთერთი მონაწილე მიხეილ კალანდია ჩვენებაში ამბობს, რომ მესამე პირი დ.ღ.-მ დაჭრა. აბესაძის ინფორმაციითვე, დ.ღ.-ზე საუბრობს მსჯავრდებული გ.ბ.-ც, თუმცა არ ასახელებს მის ვინაობას და აღწერს ვიზუალურად. მსჯავრდებული ამბობს, რომ მესამე დაჭრილს სწორედ მან მოუქნია დანა. საქმის მასალების მიხედვით, თავად დაჭრილი არ ამბობს ვინ დაარტყა დანა.

კომისიის ღია სხდომებზე ასევე გაირკვა, რომ მიხეილ კალანდიას, რომელიც მისივე ჩვენებით, დაჭრილ სარალიძეს ურტყამდა, გამოძიება თანამონაწილედ არ მიიჩნევს. გარდა ამისა, თვითმხილველთა ნაწილი არ დაკითხეს და ქუჩის ვიდეოჩანაწერები დროულად არ ამოიღეს. ასევე, ადგილი, სადაც არასრულწლოვნებმა მკვლელობის შემდეგ თავი მოიწესრიგეს, ოფიციალურად არ დაუთვალიერებიათ.

დადგინდა, რომ შსს-ს და პროკურატურას განსხვავებული ვერსიები აქვთ იმასთან დაკავშირებით, ჩხუბის დაწყებამდე, მკვლელობის ადგილიდან რამდენ მეტრში იდგა მიხეილ კალანდია.

მის გარდა, კომისიის ოპოზიციონერმა წევრებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გ.ბ-სთვის პროკურატურა დავით სარალიძის მკვლელობის "მიწებებასაც" ცდილობდა. ეჭვის საფუძვლად ის ფაქტები დასახელდა, რომ ფარულ სატელეფონო ჩანაწერში გ.ბ აღწერს და ადასტურებს ლევან დადუნაშვილის მკვლელობას, ხოლო დავით სარალიძეზე ამბობს, რომ ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია. გარდა ამისა, გ.ბ-ს დანაზე არ აღმოჩნდა სარალიძის დნმ და მასზე მხოლოდ დადუნაშვილის ბიოლოგიური მასალაა. ერთადერთი მოწმე, ვინც გ.ბ-ს სარალიძის მიმართ ფიზიკურ კონტაქტზე მიუთითებს, მიხეილ კალანდიაა, რომელმაც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ახალი გარემოებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მათ შსს-ს მიმართეს, გადაამოწმოს ახალი ვერსია, რაც არასრულწლოვნების დაკითხვების შემდეგ გამოიკვეთა. შსს-ს განცხადებით კი, პირები, რომელთგანაც მიიღო კომისიამ ინფორმაცია, გამოყოფილი საქმის ფარგლებში უკვე გამოკითხული ჰყავთ.

ევროპულმა საქართველომ კომისიაზე წინასწარი რეკომენდაციები უკვე დააყენა - კერძოდ, მოითხოვა მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო მესამე დაჭრილის საქმეზე გამოძიების დაწყება. ამ ეტაპზე, ქართული ოცნების დეპუტატები ამ რეკომენდაციებს არ ეთანხმებიან.

კომენტარები