აივ/შიდსი

საქართველოში 2018 წელს HIV/AIDS-ით ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

jandacva.ge

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ლ აგვისტომდე საქართველოში აივ/შიდსით ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

შარშან შესაბამის პერიოდში 359 ახალი შემთხვევა იყო აღმოჩენილი. 

ცენტრის ინფორმაციით, 1989 წლიდან 2018 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში სულ 7159 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული.

მათ შორის 5355 კაცია, 1804 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა.

შიდსი 3782 პაციენტს განუვითარდა, 1460 მათგანი გარდაიცვალა.

30 ივნისის მონაცემებით, არვ მკურნალობას 4365 პაციენტი იტარებს, მათან 501 - ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებია. 

აივ ინფიცირებულია 49 ბავშვი, მათგან 10 - ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები. 

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ცნობით, რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

  • 40.8 % (2921) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;
  • 45.8 % (3278) - ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა;
  • 10.8 % (776) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან (მსმ);
  • 1.4 % (100) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;
  • 0.5 % (36) - სისხლის რეციპიენტია და 0.7 %  (48) - გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2608 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2- დაუდგენელი);

  • სამეგრელოში 909 (მათგან ზუგდიდი - 605);
  • იმერეთში 894 (ქუთაისი 436);
  • აჭარაში 809 (ბათუმი – 512);
  • აფხაზეთში  - 452;
  • კახეთში - 345;
  • ქვემო ქართლში - 372;
  • შიდა ქართლში - 268;
  • გურიაში - 153;
  • ფოთში - 110;
  • სამცხე-ჯავახეთში - 99.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია:  

2008 წელს - 351;  2009 წელს -385; 2010 წელს - 455; 2011 წელს - 424;  2012 წელს – 526; 2013 წელს 490 ახალი შემთხვევა; 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს -719.

2018 წელს 80 აივ ინფიცირებული ადამიანი გარდაიცვალა, 2017 წელს - 127. 2016 წელს - 168, 2015 წელს - 94, 2014  წელს - 84 პირი,  2013 წელს - 96 პირი, 2012 წელს - 109, 2011 წელს – 116.

2018 წელს გარდაცვლილთაგან 62 კაცია, 18 - ქალი.

რა არის აივ/შიდსი
 

აივ, იგივე ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსი. შიდსი - შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი - ეს არის ვირუსი, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს, როდესაც 1980 წლებში აშშ-ში გავრცელდა. ამ ქვეყანაში ის, სავარაუდოდ, აფრიკიდან გავრცელდა, საიდანაც სამედიცინო მიზნებისთვის სისხლის იმპორტი ხდებოდა. სისხლის ნაწილი, სავრაუდოდ, აივ/შიდსით-ით იყო ინფიცირებული. 

ვირუსით დაინფიცირებიდან 2-4 კვირის განმავლობაში, გრიპის მსგავსი სიმპტომებით ვითარდება. ამას ე.წ ფანჯრის პერიოდი ეწოდება და თუ ადამიანი ანალიზს დაინფიცირებიდან 2-4 კვირის შუალედში გაიკეთებს, შესაძლოა აივ-ზე უარყოფითი პასუხიც მიიღოს, ამიტომ, შესაბამის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ანალიზის ხელახლა გაკეთება აუცილებელია. 

მას შემდეგ, რაც აივ ინფექცია ორგანიზმში მოხვდება, მთავარი სამიზნე CD4, ე.წ იმუნიტეტის უჯრედები ხდება. აივ ვირუსის უჯრედები სწორედ იმუნიტეტის უჯრედებს აზიანებს, რაც საბოლოოდ მათ კვდომას იწვევს. ამას კი, ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემა დასუსტებამდე მიჰყავს. 

სისხლში CD4-ის რაოდენობა 600-დან 1200 ერთეულამდე მერყეობს, აივ-ის "შეტევის"შედეგად კი მათი რაოდენობა მცირდება. როდესაც იმუნიტეტის უჯრედები 500-ს ჩამოსცდება, რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება, რომელიც საქართველოში უფასოა. 

იმ შემთხვევაში კი, თუ ამ უჯრედების რაოდენობა 200-ზე ნაკლები გახდა, ვითარდება შიდსი, რომელიც განკურნებას არ ექვემდებარება. 90-იან წლებში, შიდსის ეტაპზე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა 18 თვემდე მერყეოდა, ახლა კი, მკურნალობის დახმარებით, შიდსის ეტაპზე მყოფი ადამიანების სიცოცხლე ათწლეულებიც შეიძლება გაგრძელდეს.  

აივ-ით ინფიცირების რისკის მაღალ ჯგუფს მიეკუთვნებიან: 
 

  • მამაკაცები რომელთაც აქვთ სექსი მამაკაცებთან (მსმ)
  • ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლები
  • სექს მუშაკები
     

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გადაცემა ხდება სისხლით, სპერმით, ვაგინალური სეკრეტითა და დედის რძით.

გადაცემას ასევე იწვევს შიდსით დაავადებულთან დაუცველი (კონდომების გამოყენების გარეშე) სქესობრივი კავშირი და კონტაქტი სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებულ პარტნიორთან, რაც ინფექციის გადაცემის რისკს ზრდის. ასევე, რისკ ფაქტორია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისას დაბინძურებული შპრიცების გამოყენება. 

აივ ინფექციის გადაცემა შეიძლება მოხდეს:
 

დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს

შიდსით დაავადებული დედიდან  შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს

დაბინძურებული ნემსების ან სხვა ბასრი საგნების ჩხვლეტისას  (რისკ-ჯგუფს  სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს)

ჰემოტრანსფუზიის დროს (ინფიცირებული სისხლის ან მისი პროდუქტების გადასხმისას)

ტრანსპლანტაციის დროს (ორგანოების ან ქსოვილების გადანერგვისას)
 

ვირუსი არ გადაეცემა: 
 

  • წყლით
  • ჰაერით
  • მწერებით
  • ნერწყვით, ოფლით ან ცრემლით.
  • ხელის ჩამორთმევით
  • საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით
  • კოცნით
  • საერთო ტუალეტის ან აბაზანით სარგებლობისას

 

კომენტარები