მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ქვეყანა გვენგრევა თავზე, რა დიპლომატიის და მიდებ-მოდების დროა?!

unian.net

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი ორის ეთერში გრიგოლ ვაშაძის მხრიდან ევროპული საქართველოს მიმართ გაკეთებულ ნეგატიურ კომენტარებზე ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, გრიგოლ ვაშაძე ყოველთვის ყველაფერს სწორად აკეთებდა და თუ არ აკეთებდა ამას თვითონვე ასწორებდა. 

"გრიგოლ ვაშაძე არ არის არც ჩემი მარიონეტი არც ჩემი ვასალი, პრაქტიკულად არასდროს არაფერს არ მეკითხებოდა რას გააკეთებდა და ყველაფერს როგორც წესი აკეთებდა სწორად და თუ არ აკეთებდა თვითონვე ასწორებდა და არ სჭირდებოდა ზედმეტი შეხსენება. მე მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს უნდა მივცეთ საშუალება იყოს საკუთარი თავი, ჩვენი სამიზნე არ არის რომელიმე სხვა ჯგუფი, ყველამ ძალიან კარგად იცის რომ ამ არჩევნებში ბრძოლა მიმდინარეობს ივანიშვილის კანდიდატსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სხვა კანდიდატებს თუ რამე სასწაული არ მოხდა პრაქტიკულად ამ არჩევნებში შანსი არ აქვთ. ჩვენი ამოცანა არ არის სხვასთან ბრძოლა. დიდი ყოველთვის თავს უნდა იკავებდეს პატარებთან ბრძოლისგან და პატარები უფრო დაინტერესებულები არიან რომ თავი თავის აქტუალიზაცია მოახდინონ." - ამბობს სააკაშვილი. 

წამყვანის კითხვაზე გულისხმობს თუ არა პატარებში ევროპულ საქართველოს სააკაშვილი პასუხობს, რომ ივანიშვილის დამარცხების შანსი მხოლოდ იმ კანდიდატს აქვს, რომელიც მასთან არის დაკავშირებული.

"რეალურად ყველამ კარგად იცის, რომ ივანიშვილის დამარცხების შანსი მხოლოდ იმ კანდიდატს აქვს, რომელიც ჩემთან არის დაკავშირებული და ეს არის მხოლოდ გრიგოლ ვაშაძე და არავინ სხვა და იმ კანდიდატს, ვინც დაეფუძნება ფართო გაერთიანებას, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას. ივანიშვილს ეშინია მხოლოდ გრიგოლ ვაშაძის. ივანიშვილს ეშინია ვაშაძის, ჩემი და დიდი გაერთიანების." - ამბობს სააკაშვილი.

მემორანდუმის დარღვევაზე კითხვაზე სააკაშვილი პასუხობს - "ქვეყანა გვენგრევა თავზე რა დიპლომატიის და მიდებ-მოდების დროა?! საერთოდ არ მაინტერესებს არავის აზრი. ახლა ვართ მე და ჩემი ხალხი. ის ხალხი ვინც წამომყვა და ჩვენი მომავალი გარდაუვალი გამარჯვება."

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ინიციატივით, "ევროპულმა საქართველომ" და "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება 3 ძირითად პუნქტს მოიცავს. მათ შორი ერთერთია - საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ერთმანეთი და ჩვენს შორის განსხვავებები არ იქნება თავდასხმის სამიზნე.

გაერთიანებული ოპოზიციის პრეიდენტობის კანდიდტმა და ენმ-ის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩეველთან ერთერთი შეხვედრის დროს ევროპულ საქართველოზე ისაუბრა და თქვა - "არც ვიცი რა ვუთხრა, ახლა ძალიან ევროპულ საქართველოს რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება რომ მაგათი გაკეთებულია და მერე გავიდნენ პარტიიდან და ჰგონიათ, ხალხს დაავიწყდება ეს უბედურება ვისი გაკეთებული იყო, ის შეცდომები და დანაშაულები..." 

კომენტარები