დროებითი საგამოძიებო კომისია

საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს გლდანის ციხეში მერაბ მორჩაძეს დაკითხავენ

პირველი არხი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს, 14 :00 ზე სასჯელაღსრულების ნომერ მე-8 დაწესებულებაში მერაბ მორჩაძეს დაკითხავენ. 

მერაბ მორჩაძე 8 ივნისს მოწმის მოსყიდვისთვის დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მორჩაძემ მოწმე მიხეილ კალანდიას სასურველი ჩვენების სანაცვლოდ ფული გადასცა, რათა კალანდიას ჩვენება შეეცვალა და ბრალდებული გ.ჯ. დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ არ ეცნოთ. 

დღესვე კომისიის წევრები არასრულწლოვნებსაც გაესაუბრებიან. 

კომისიამ უკვე გამოკითხა საქმის პროკურორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე წარმომადგენელი, ასევე დაღუპულების, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მშობლები, სკოლების დირექტორები და თვითმხილველი მოზარდები. ასევე დაკითხეს  ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.

დაგეგმილია მაღალი თანამდებობის მოქმედი და ყოფილი პირების გამოკითხვაც, მათ შორის იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასი და ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის. 

ხორავას ქუჩაზე მოზარდებმა 1-ლ დეკემბერს იჩხუბეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ორი არასრულწლოვანი - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა. კომისიის სხდომებზე გაირკვა, რომ ჩხუბის დროს დაიჭრა კიდევ ერთი არასრულწლოვანი.

კომენტარები