ტერეზა მეი

ტერეზა მეი: ტრამპმა მირჩია, რომ ევროკავშირს ვუჩივლო

დონალდ ტრამპმა მითხრა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების ნაცვლად მათ ვუჩივლო- ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ BBC-ს სატელევიზო გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა.

გადაცემის წამყვანი ენდრიუ მარი, მეის და დონალდ ტრამპის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებით დაინტერესდა. მაშინ დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ Brexit-თან დაკავშირებით მეის გარკვეული "უხეში რჩევა" მისცა, თუმცა, მოსაუბრეს ის მეტისმეტად სასტიკად მოეჩვენა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა Brexit-ის გეგმა კიდევ ერთხელ დაიცვა და თანაპარტიელები გააფრთხილა, რომ Brexit-ს საფრთხე არ შეუქმნან. 

"ხალხმა ხმა მისცა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, ასე რომ, ეს დასრულდება. ხალხმა ხმა მისცა ჩვენს ქვეყანაში ევროკავშირის იურისდიქციების გაუქმებას და ამასაც აუცილებლად შევასრულებთ“, – ამბობს ტერეზა მეი. 

დიდი ბრიტანეთიში ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა.

ლონდონსა და ბიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები გასული წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა.

მიმდინარე წლის 8 ივლისს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით წარმოქმნილი განსხვავებული პოზიციების გამო Brexit-ის მინისტრი, დევიდ დევისითანამდებობიდან გადადგა. 9 ივლისს კი ამავე მიზეზებით საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ბორის ჯონსონმაც დატოვა. შედეგად დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანთი გახდა. 

გარდამავალი პერიოდი 2019 წლის 29 მარტს დაიწყება. სწორედ ამ დღეს დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად.

კომენტარები